დღეს სასამართლოს სხვადასხვა ინსტანციაში ასობით საქმეა, რომელიც სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ დავებს უკავშირდება. გადაცემა "რედაქტ2"-თან ინტერვიუში იურისტმა ნინო ლიპარტიამ განაცხადა, რომ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ურთიერთობები და პრობლემატიკა, მისი და მისი კოლეგების პორტფელში დღის წესრიგში განსაკუთრებით 2013 წლიდან დადგა.
მისი თქმით, კაბალური სახელშეკრულებო პირობები და შეუსაბამოდ მაღალი ჯარიმები სახელმწიფო შესყიდვებში ერთ-ერთი სისტემური პრობლემებია. იურისტი მის პორტფელში არსებული საქმეებიდან გამომდინარე ინტერვიუში საუბრობს ასევე, როგორ იყენებენ ტენდერებში ბიზნესის წინააღმდეგ შემსყიდველი საჯარო დაწესებულებები საბანკო გარანტიას, როგორც სადამსჯელო მექანიზმს.
„ობიექტური ვიქნები, რომ ასობით შემთხვევაში საბანკო გარანტია შემსყიდველის ანუ სახელმწიფოს ერთ-ერთი ინსტიტუციის მხრიდან გამოყენებულ იქნა, როგორც სადამსჯელო მექანიზმი კომპანიათა მიმართ. საბანკო გარანტიას იყენებს შემსყიდველი იმისათვის, რათა მის წინაშე ნაკისრი ვალდებულება მიმწოდებელმა, ანუ სუბიექტმა შეასრულოს ჯეროვნად ხელშეკრულებიდან გამომდინარე. ჩემს პრაქტიკაში ყოფილა საქმეები, როდესაც დარღვეულია ვალდებულება, მაგრამ დარღვევის ბრალეულობა არ არის კომპანიაზე. დარღვევის საფუძველი შეიძლება იყოს თუნდაც დაუძლეველი ძალა, მაგალითად რუსეთ-უკრაინის ომი, ან სხვა დაუძლეველი ძალა, რაც შეიძლება არსებობდეს ქვეყანაში, ასევე პროექტის ან სხვა პირის მიერ განხორციელებული ქმედებები. ამის მიუხედავად სახელმწიფო ინსტიტუცია არ ითვალისწინებს ამ გარემოებას, წყვეტს ხელშეკრულებას ცალმხრივად, დააკისრებს პირგასამტეხლოს, არ უნაზღაურებს უკვე შესრულებულ სამუშაოს, გამოითხოვს ორი ტიპის საბანკო გარანტიას. თუ ორია საქმეში ორივეს, თუ ერთია, მაშინ იმ ერთს.
მივდივართ სასამართლოში, მაგრამ სასამართლოს საქმის წარმოება პირველ რიგში დაკავშირებულია ხარჯებთან: ეს არის ბაჟი, იურიდიული მომსახურება და მეორე, ყველაზე დიდი პრობლემა, ეს არის სასამართლო გაჭიანურება.
ხშირ შემთხვევაში, სასამართლო ძალიან ადეკვატურად, შინაარსობრივად და სამართლებრივად ჩადის სიღრმეებში, აკმაყოფილებს სარჩელს და იღებს კომპანიათა სასარგებლოდ გადაწყვეტილებას, თუმცა 2018 წელს დაწყებული საქმე მოგებული გვაქვს, მაგრამ უზენაეს სასამართლოში საქმის მოცულობიდან გამომდინარე ფიზიკურად ვერ ხერხდება დროული განხილვა, აქედან გამომდინარე, ეს თანხა არ აქვს კომპანიას მიღებული.
ყოფილა შემთხვევები ჩემს პრაქტიკაში, სადაც არამარტო ბიზნესმა შეწყვიტა საქმიანობა, არამედ ერთ ღამეში მოხდა სამი ხელშეკრულების შეწყვეტა და სამი სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე ყველა გარანტიის გამოთხოვა და სამწუხაროდ კომპანიის დირექტორი იმ საღამოს გულის შეტევით გარდაიცვალა“,-აცხადებს ნინო ლიპარტია.
მისი თქმით, შემსყიდველები უმეტეს შემთხვევაში, თითქმის უმრავლესობა იშვიათი გამონაკლისის გარდა არ ითვალისწინებენ სხვა დამაბრკოლებელ გარემოებას და ადეკვატურად ვერ რეაგირებენ იმ გარემოებაზე, რის გამოც მოხდა ვალდებულების დარღვევა.
კითხვაზე, რამდენად გაითვალისწინა „შესყიდვების შესახებ“ ახალმა კანონმა ამ მიმართულებით რეგულაცია, იურისტი ასე გვპასუხობს:
„ახალმა კანონმა „შესყიდვების შესახებ“ აღნიშნულთან დაკავშირებით ამომწურავი რეგულაცია ვერ გაითვალისწინა. ავტორების მითითებაა, რომ ეს არის სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობა და ეს სასამართლოს დავუტოვოთ...
ეს არის ტკივილი ბიზნესის, ვინც ოდესმე შესულა ტენდერში... როცა ასობით საქმე განიხილება სხვადასხვა ინსტანციაში, შეუძლებელია არასისტემური იყოს პრობლემა, რაც კარგი რეგულირებით შეიძლება მოგვარებულიყო“,-აცხადებს იურისტი ნინო ლიპარტია რედაქტ2-თან ინტერვიუში.