მავრიკის Silver Bank-ის აღმასრულებელი დირექტორის, ფინანსისტ ვასილ რევიშვილის აზრით, ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, საპენსიო დანაზოგების სხვადასხვა რისკიანობის პორტფელში ინვესტირების მოდელის 2028 წლამდე გადავადება რეფორმის დროებით ჩავარდნას ნიშნავს.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.
„დაგროვებითი საპენსიო სისტემის რეფორმას ყოველთვის ვიცავდი სწორედ იმ თვალსაზრისით, რომ ამ რეფორმის შედეგად, გაიზრდებოდა ფასიან ქაღალდებში ინვესტირება, ასევე გაუმჯობესდებოდა სიტუაცია საფონდო ბირჟაზე, გაიზრდებოდა ახალი ობლიგაციების გამოშვება და ა.შ. ამდენად, ამ გადაწყვეტილებით <რეფორმის 2028 წლამდე გადავადება) ვფიქრობ, რეფორმა დროებით ჩავარდა.
რამ გამოიწვია ეს?! არ ვფიქრობ, რომ ხალხს არ ესმის, რომ უცხოურ კაპიტალში გრძელავდიან დაბანდებას, რაც არ უნდა რისკიანი იყოს, გრძელვადიან პერსპეექტივაში, გაცილებით მეტი ამონაგები აქვს, ვიდრე კონსერვატიულ პორტფელებში დაბანდებას, თუმცა პრობლემა არის ის, ხალხს საინვესტიციო საბჭოს მიმართ ნდობა არ აქვს, არ სჯერათ, რომ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს“, - აღნიშნა ვასილ რევიშვილმა.
საქმე ის არის, რომ მოქმედი კანონით, ის მოქალაქეები, რომლებმაც წელს, 7 სექტემბრამდე თავად არ აირჩიეს სასურველი პორტფელი, ავტომატურად გადანაწილდნენ სხვადასხვა პორტფელში, ასაკის შესაბამისად. კერძოდ, გაწევრების მომენტისთვის: 40 წლამდე მონაწილის საპენსიო აქტივები გადანაწილდა მზარდ (მაღალრისკიან) საინვესტიციო პორტფელში; 40 წლიდან 50 წლამდე მონაწილის საპენსიო აქტივები − შერეულ (საშუალრისკიან) საინვესტიციო პორტფელში; ხოლო 50 ან 50-ზე მეტი წლის მონაწილის საპენსიო აქტივები − სტაბილურ (ნაკლებად რისკიან) საინვესტიციო პორტფელში, თუმცა როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტი გეგმავს ცვლილებების მიღებას, რომლის შედეგადაც, 2028 წლამდე მოქალაქეთა დანაზოგები მაღალრისკიანის ნაცვლად, დაბალრისკიან პორტფელში განთავსდება. აღნიშნულის მიზეზად მმართველმა ძალამ დაგროვებითი საპენსიო სისტემის ინფორმირების დაბალი დონე დაასახელა.
ამ დროისთვის, ₾3.9 მილიარდის საპენსიო დანაზოგებიდან ₾2.9 მილიარდი მაღალრისკიან პორტფელშია განთავსებული.