უცხოელი მაღალი რანგის პოლიტიკოსების მხრიდან ხელისუფლების მიმართ გაკეთებული კრიტიკული განცხადებები ქმნის განცდას, რომ ვიღაცას სურს გარედან ჩაერიოს წინასაარჩევნო პროცესში - ამის შესახებ პრემიერმა მედიასთან განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, თამამად შეუძლია თქვას, რომ ასეთი განცხადებები საარჩევნო შედეგებზე ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს.
"ეს განცხადებები არის სრულიად უსამართლო და უსაფუძვლო. სამწუხაროა ის, რომ ასეთი განცხადებები კეთდება წინასაარჩევნოდ, რაც ქმნის განცდას, რომ ვიღაცას გარედან სურს გავლენა მოახდინოს საარჩევნო პროცესებზე. თუმცა მე თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი განცხადებები საარჩევნო შედეგებზე ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს. ქართულ საზოგადოებას ძალიან კარგად აქვს ჩამოყალიბებული იმაზე, თუ რა ხდება ქვეყანაში, რა ხდება ჩვენი ქვეყნის გარშემო და ყველაფრის გათვალისწინებით მიიღებს საკუთარ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს.
ჩვენთვის, ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ ასეთი მაღალი რანგის პოლიტიკოსების მხრიდან კეთდება მსგავსი განცხადებები," - თქვა პრემიერმა.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე საუბრობს და ამბობს, რომ ის „ფუნდამენტურად ნაკლოვანია“.
„ისეთი სამთავრობო სააგენტოს არსებობა, რომელიც არსებითად აიძულებს [ორგანიზაციას] რეგისტრაციას, და ამ ორგანიზაციაში არსებულ ყველა მონაცემზე მიუწვდებოდეს ხელი, არ შეესაბამება თანამედროვე ევროპულ პრაქტიკას. საქართველომ აირჩია აემოქმედებინა კანონი ამ გზით, რამაც ევროკავშირსა და ნატოში მისი გაწევრიანების პერსპექტივას უდიდესი ზიანი მიაყენა. ევროკავშირმა უკვე თქვა, რომ ევროკავშირში [ინტეგრაციის] პროცესი შეჩერებულია და ეს სრულებით იმის გამო ხდება, რომ მთავრობამ გადაწყვიტა დაეწერა ეს კანონი ისე, როგორც ეს გააკეთეს და ეს სირცხვილია“, - განაცხადა ო’ბრაიენმა.