მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეს ირიბი მინიშნებაა, რომ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის ხარისხი არასაკმარისია - ხიშტოვანი IMF-ის რეკომენდაციაზე

ხიშტოვანი

ეს არის ირიბი მინიშნება, რომ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის ხარისხი დღეს არასაკმარისია - ასე აფასებს ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი სავალუტო ფონდის რეკომენდაციას სებთან დაკავშირებით.

საქმე ისაა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლის, ენდრიუ ჯუელის თქმით, IMF-ის რეკომენდაციად კვლავ რჩება სების მმართველობის საპრეზიდენტო მოდელის საბჭოს კოლეგიალური მმართველობის მოდელით შეცვლა.

თუმცა როგორც ხიშტოვანი BMG-სთან აღნიშნავს, ეროვნული ბანკის საბჭოს დღევანდელი შემადგენლობის პირობებში, როდესაც თავად საბჭოს წევრების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით არაერთი კითხვის ნიშანია, საეჭვოა, რომ IMF-ის მიერ შემოთავაზებული ცვლილებები მარეგულირებლის მეტ რეალურ დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს.

„ეს არის ირიბი მინიშნება იმის, ის [IMF] ხედავს, რომ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის ხარისხი დღეს არასაკმარისია და ამ ტიპის ნაბიჯებით შესაძლოა, მისი დამოუკიდებლობის მაჩვენებელი გაიზარდოს. ეს არის სავარაუდოდ, სავალუტო ფონდის მოტივაცია.

[თუმცა] გადაწყვეტილების მიღების საკითხი, ეს იქნებოდა რელევანტური უფრო მეტად ერთი-ორი წლის წინ, როდესაც ეროვნული ბანკის საბჭო სხვანაირად იყო დაკომპლექტებული. სხვადასხვა პოზიციები იყო მნიშვნელოვან საკითხებზე საბჭოში. რა თქმა უნდა, საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ სასურველია, საბჭოს და ვიცე-პრეზიდენტების ინსტიტუტის არსებობის შემთხვევაში, ერთპიროვნული გადაწყვეტილებები არ იქნეს მიღებული. თუმცა დღეს ამის მნიშვნელობა, ჩემი აზრით, უფრო დაცემულია იქიდან გამომდინარე, რომ ფაქტობრივად პოლიტიკური ლოიალობის ნიშნით, ახლო მეგობრული თუ ნათესაური ნიშნით არის შერჩეული ეროვნული ბანკის საბჭოს გუნდი და შესაბამისად, მგონია, რომ ახლა რომც იყოს გადაწყვეტილების მიღების პროცესი ასე კოლეგიალური პრინციპით, არ მჯერა, რომ ამ საბჭომ მოახერხოს თუნდაც მცირე წინააღმდეგობა გაუწიოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, თუ ის გადაწყვეტს რაღაცა კონკრეტული საკითხის დაყენებას.

შესაბამისად, ბოლო წლების პროცესმა გვაჩვენა, რომ ეს მნიშვნელოვანია, თუმცა ეს არ არის დღეს რელევანტური, იქიდან გამომდინარე, რომ საბჭო არის აბსოლუტურად „ქართული ოცნების“ მიმართ ლოიალური ადამიანებით დაკომპლექტებული, შესაბამისად, დღეს რომ გადაწყვეტილების მიღების პრინციპი იყოს განსხვავებული, არ მჯერა, რომ ეს რამეს შეცვლიდა“, - განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის მიმართ რეკომენდაციებზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ანგარიშშიც იყო საუბარი, რომელიც 2025 წლის ივნისში გამოქვეყნდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები