მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ეს ის დარგებია, სადაც ადამიანები დაბალ ანაზღაურებას იღებენ“ - მინისტრი 40-საათიან სამუშაო კვირაზე

63ecd2d1afdd8
ვიქტორია მღებრიშვილი
15.02.23 17:50
1223
ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, სახელმწიფომ 26 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილებით სპეციფიკური დარგებიდან ის სექტორები ამოიღო, სადაც სახელფასო ანაზღაურება დაბალია და ამ მიმართულებით დასაქმებულთათვის ზეგანაკვეთური ანაზღაურების მიღება მნიშვნელოვანია. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

ზურაბ აზარაშვილი თვლის, რომ ამ დარგების სპეციფიკური სამუშაოების მქონე დარგების ჩამონათვალში დატოვება ადამიანურად, მორალურად და სახელმწიფოებრივად არასწორი იქნებოდა.

„ისეთი დარგებში, როგორიცაა სამკერვალოები, რესტორნები, სასტუმროები, სუპერმარკეტების გამყიდველები დავაწესეთ, რომ მათთვის ნორმირებული სამუშაო პერიოდი კვირაში 40 საათით განისაზღვრა, ხოლო დამატებით სამუშაო დროზე დაერიცხებათ დამატებითი თანხა. ეს იმ სეგმენტის სამუშაოებია, სადაც ადამიანები დაბალ ანაზღაურებას 500-1000 ლარს იღებენ და მათთვის ზეგანაკვეთური ანაზღაურება მნიშვნელოვანი და სამართლიანია.

სხვა შემთხვევაში არამხოლოდ იმ ვალდებულებების დაკმაყოფილება, რითიც ევროკავშირში მივდივართ, არამედ ადამიანურად, მორალურად და სახელმწიფოებრივადაც არასწორია, ადამიანს ვამუშავებდეთ არანორმირებულად და იგივე ხელფასს ვაძლევდეთ“, - განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის: საქართველოს მთავრობის მიერ სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ახალი ჩამონათვალის დამტკიცების შემდეგ მშენებლობის, ტექსტილისა და ტექსტილის ნაწარმის, ტყავის, ტყავის ნაწარმისა და ფეხსაცმლის წარმოების და ქაღალდის მრეწველობის, სასტუმროებისა და რესტორნების ბიზნესების მფლობელებს კვირაში 48 საათის ნაცვლად 40-საათიან სამუშაო განაკვეთზე გადასვლა მოუწიათ. რაც იმას გულისხმობს, აღნიშნული განსაზღვრული საათებზე მეტი დროის მუშაობის შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულს ზეგანაკვეთური სახელფასო ანაზღაურება გადაუხადოს. აღნიშნულ საკითხს კერძო სექტორის უკმაყოფილება ცვლილებების ამოქმედებიდან მალევე მოჰყვა, სახელმწიფომ კი, კერძოდ კი ჯანდაცვის სამინისტრომ და შრომის ინსპექცია ახალი დღის წესრიგზე ადაპტაციის მიზნით ბიზნესთან კონსულტაციების გააქტიურების დაპირება დადო. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა 13 თებერვალს ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართა. სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნული იყო, რომ ცვლილებების მიზანი აღნიშნულ დარგებში დასაქმებული ადამიანებისთვის ღირსეული სამუშაო პირობების შექმნა და კანონით გათვალისწინებული სიკეთეების მათზე გავრცელებაა. ცვლილება ერთი მხრივ გააუმჯობესებს შრომის პირობებს ქვეყანაში, მეორე მხრივ კი ხელს შეუწყობს ახალი კადრების დასაქმებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები