მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ეს ის შაბიამნის პარტიაა, რომელიც არ გვჭირდება, მაგრამ მაინც ვიღებთ“ - უჩუმბეგაშვილი კვერცხის იმპორტზე

კვერცხი მუქი

საქართველოში კვერცხის იმპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა. მიმდინარე წლის 9 თვეში ქვეყანამ 48 მლნ ცალი კვერცხი იყიდა, მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 16 მლნ იყო. იმპორტის 98.5% თურქეთიდან შემოდის. თურქეთთან ერთად ჩამონათვალშია ნიდერლანდები, ბელგია, რუსეთი და უნგრეთი.

„მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის“ თავმჯდომარე ზურაბ უჩუმბეგაშვილი აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში გაზრდილი იმპორტის გამო, ადგილობრივი წარმოება განვითარებას ვერ ახერხებს. მიუხედავად იმისა, რომ იმპორტის წილი 7-8%-ის ფარგლებშია, თურქეთში გაზრდილი წარმოებიდან გამომდინარე მოლოდინია, რომ მომდევნო წლებში ქართულ ბაზარზე იმპორტირებული კვერცხის რაოდენობა გაიზრდება.

„ეს კატასტროფული ზრდაა, რომლის მიზეზი არის მარტივი. ეს განპირობებულია თურქული პოლიტიკით სოფლის მეურნეობის დარგში და მისი ეკონომიკური მდგომარეობით. მოგეხსენებათ, თურქული ლირის მდგომარეობა, ისტორიულ მინიმუმამდე 200%-ით არის თითქმის გაუფასურებული, ამიტომ მათთვის ხელსაყრელია გაიტანონ რომელიმე ქვეყანაში. ჩვენი კანონმდებლობა ისეთია, რომ იმპორტიორს ხელ-ფეხი აქვს გახსნილი, ჩვენ რა პროცედურებსაც გავდივართ, ამხელა პროცედურები მათთვის არ არის საჭირო.

2022 წელს 33 მლრდ იყო თურქეთის კვერცხის წარმოება, დაისახეს მიზნად 9%-იანი მატება, ანუ უხეშად რომ ვთქვათ, 3 მლრდ კვერცხი წლიურად. მოხმარების ზრდა დაგეგმილია 5%-ით, დაახლოებით 1,5 მლრდ კვერცხით მეტია შარშანდელთან შედარებით, რომელიც სადღაც უნდა გაყიდონ.

ქვეყნების ჩამონათვალს რომ ჩავხედოთ, სადაც უნდა გაყიდოს, აფრიკის და ზოგიერთი არაბეთის ქვეყნების გარდა, ჩვენ ვართ ცივილური ქვეყანა, სადაც შესაძლებელია ექსპორტი, არ ერიდებიან არასამართლიან ფასს, მათთვის მთავარია გატანა. ქართულ ფასთან მიმართებით მცირედით აკლებენ მოგების მარჟას, სამწუხაროდ, ჩვენი იმპორტიორები იმას არ ფიქრობენ, რომ ამით ანგრევენ ადგილობრივ წარმოებას", - განაცხადა უჩუმბეგაშვილმა.

მისივე თქმით, იმპორტის წილი დღეისთვის 10%-ის ფარგლებშია, თუმცა ცუდი ის არის, რომ მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება.

"არ გვაქვს ამის საჭიროება, ეს ის შაბიამნის პარტიაა, რომელიც არ გვჭირდება, მაგრამ მაინც ვიღებთ. ქართულ წარმოებას აქვს იმის რესურსი, რომ სრულად დააკმაყოფილოს ბაზარი. აკმაყოფილებდა კიდეც 2010 წლიდან დაწყებული, 106% გვქონდა თვითუზრუნველყოფა, ექსპორტიც გვქონდა ერაყში. მაშინ გვქონდა იმის იმედი, რომ წინ წავიდოდით, მაგრამ ახლა ძალიან ძნელია წარმოების გაზრდა, როცა არ იცი რა იქნება. კიდევ რომ გააგრძელოს ლირამ გაუფასურება და წარმოებამ ზრდა, მერე რა ვქნათ? ჩვენ ფასის ნაწილში ვერ გავუწევთ კონკურენციას იმიტომ, რომ ყველაფრის იმპორტი ხდება, დაწყებული ფირფიტიდან, დამთავრებული საკვებით”, - განაცხადა უჩუმბეგაშვილმა.

„საქმიანი დილის“ ეთერში სტუმრობისას „მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის“ თავმჯდომარემ მთავრობას კვერცხის იმპორტზე დროებითი გადასახადის შემოღების ინიციატივითაც მიმართა, რომელიც ადგილობრივი წარმოების გაზრდისკენ იქნება მიმართული.

„შარშან 16 მლნ იყო, წელს უკვე 48 მლნ-ია, ახალი წელი წინ არის, რაც ნიშნავს, რომ 60მლნ-მდე ავა. იქით წელს 80-მდე, ეს ექსპანსიაა, ადგილობრივ მწარმოებლებს დაგვახევინებენ უკან, ბოლოს მოხდება ისე რომ აღარ ეღირება წარმოება. ამის თავიდან არიდება ძალიან მარტივად შეიძლება. როგორც ხორბალზე გავაკეთეთ, შეიძლება დროებითი გადასახადის შემოღება კვერცხის იმპორტზე, შეიძლება რაღაც შეზღუდვებიც, თუ თურქეთში შეტანისთვის 30 საბუთი უნდა წარადგინო, თუ გადასახადი 108%-ია, ჩვენთან 12% არ უნდა იყოს.

600 მლნ-ია საშუალოდ წლიურად წარმოების მაჩვენებელი, იმიტომ, რომ განვითარებაზე არ ვართ ორიენტირებული, რესურსი გვაქვს 15-20%-ით გაზრდის, როცა გარანტია გვექნება, რომ დაცული იქნება წარმოება. მოხმარება იზრდება და ეს მოგვცემდა განვითარების საშუალებას, დიდი წარმოებას ფასის კლების რესურსსაც აჩენს.

კომუნიკაცია სოფლის მეურნეობასთან ხშირი და უპრობლემო გვაქვს, მაგრამ ის ვერ წყვეტს ამ ტიპის საკითხებს, ისევ პრემიერის დონეზე უნდა გადაწყდეს, ფინანსთა სამინისტროს ჩართულობით. გვქონდა ექსპორტი, ვითარდებოდით და ფაქტობრივად ჩაგვიკეტეს ამ გადასახადებით და ბიუროკრატიით და ახლა შიგნითაც გვავიწროვებენ, თავდაცვის არანაირი საშუალება არ გვაქვს. ვიღაცამ გულთან ახლოს უნდა მიიტანოს ეს საკითხი. წერტილია მოსაძებნი, საიდანაც ვიღაცას ხმას გავაგონებთ“, - განაცხადა უჩუმბეგაშვილმა.

რაც შეეხება ფასების ცვლილებას, დარგში აცხადებენ, რომ მარცვლეულ კულტურებზე კარგი მოსავლის გამო კვერცხზე ფასის ზრდა არ იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები