მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეფრინველეობის განვითარების ასოციაცია კვერცხის იმპორტზე დროებითი გადასახადის დაწესების ინიციატივით გამოდის

კვერცხი

„მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის“ თავმჯდომარე კვერცხის იმპორტზე დროებითი გადასახადის დაწესების ინიციატივით გამოდის. „საქმიანი დილის“ ეთერში სტუმრობისას ზურაბ უჩუმბეგაშვილმა კვერცხის იმპორტის რეკორდულ მაჩვენებლებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ადგილობრივ წარმოებას განვითარების საშუალებას არ აძლევს.

კერძოდ, მიმდინარე წლის 9 თვეში ქვეყანამ 48 მლნ ცალი კვერცხი იყიდა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 16 მლნ იყო. იმპორტის 98.5% თურქეთიდან შემოდის. თურქეთთან ერთად ჩამონათვალშია ნიდერლანდები, ბელგია, რუსეთი და უნგრეთი. მიუხედავად იმისა, რომ იმპორტის წილი 7-8%-ის ფარგლებშია, თურქეთში გაზრდილი წარმოებიდან გამომდინარე მოლოდინია, რომ მომდევნო წლებში ქართულ ბაზარზე იმპორტირებული კვერცხის რაოდენობა გაიზრდება.

„შარშან წლის 9 თვეში 16 მლნ იყო, წელს უკვე 48 მლნ-ია, ახალი წელი წინ არის, რაც ნიშნავს, რომ 60მლნ-მდე ავა. იქით წელს 80-მდე, ეს ექსპანსიაა, ადგილობრივ მწარმოებლებს დაგვახევინებენ უკან, ბოლოს მოხდება ისე რომ აღარ გვეღირება წარმოება. ამის თავიდან არიდება ძალიან მარტივად შეიძლება. როგორც ხორბალზე გავაკეთეთ, შეიძლება დროებითი გადასახადის შემოღება კვერცხის იმპორტზე, შეიძლება რაღაც შეზღუდვებიც, თუ თურქეთში შეტანისთვის 30 საბუთი უნდა წარადგინო, თუ გადასახადი 108%-ია, ჩვენთან 12% არ უნდა იყოს.

600 მლნ-ია საშუალოდ წლიურად წარმოების მაჩვენებელი, იმიტომ რომ განვითარებაზე არ ვართ ორიენტირებული, 15-20%-იანი გაზრდა შეგვიძლია ,თუკი გარანტია იარსებებს, რომ წარმოება დაცული იქნება. მოხმარება იზრდება და ეს მოგვცემდა განვითარების საშუალებას, დიდი წარმოებას ფასის კლების რესურსსაც აჩენს.

კომუნიკაცია სოფლის მეურნეობასთან ხშირი და უპრობლემო გვაქვს, მაგრამ ის ვერ წყვეტს ამ ტიპის საკითხებს, ისევ პრემიერის დონეზე უნდა გადაწყდეს, ფინანსთა სამინისტროს ჩართულობით. გვქონდა ექსპორტი, ვითარდებოდით და ფაქტობრივად ჩაგვიკეტეს ამ გადასახადებით და ბიუროკრატიით და ახლა შიგნითაც გვავიწროვებენ, თავდაცვის არანაირი საშუალება არ გვაქვს. ვიღაცამ გულთან ახლოს უნდა მიიტანოს ეს საკითხი. წერტილია მოსაძებნი, საიდანაც ვიღაცას ხმას გავაგონებთ. “ - განაცხადა უჩუმბეგაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები