ევროკავშირი საქართველოს წინააღმდეგ სანქციებს არჩევნების შემდეგ აღძრავს. ასეთია "ევროპელი დემოკრატების" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ნიკოლოზ ვაშაკიძის მოლოდინი, რის შესახებაც მან გადაცემა “ანალიტიკაში” ისაუბრა.
როგორც ვაშაკიძე ამბობს, ევროკავშირის ხედვით, თუ საქართველოს მოსახლეობამ ეს ხელისუფლება არჩევნების შემდეგაც დატოვა ძალაში, მთელი პასუხისმგებლობა გადადის ხალხზე და შესაბამისად, სანქციების მთელი ტვირთი დააწვება მთლიანად ქვეყანას და შესაბამისად ხალხს.
„მე ვფიქრობ, რომ ჩვენმა ამომრჩეველმა და მოქალაქეებმა ეს აუცილებლად უნდა გაიაზრონ და გაითვალისწინონ და ამ რეალობის გააზრებით მივიდნენ არჩევნებზე“, - აღნიშნა მან გადაცემაში.
„დააკვირდით, როგორც აყენებს ევროკავშირი და აშშ-იც საკითხს. მიდგომა არის ასეთი: ამბობენ, რომ ჩვენ ვართ ქართველ ხალხთან და ვთვლით, რომ საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს ხალხის ინტერესების და ნების წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, ოქტომბრის არჩევნებამდე სანქციების ფორმა და ტიპი შემოიფარგლება პერსონალური სანქციებით მთავრობის წარმომადგენლების მიმართ“, - განმარტა ნიკოლოზ ვაშაკიძემ.
მისივე თქმით, გარდა ამისა, გაჟღერდა ფინანსური სანქციები, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირის მხრიდან გრანტები და შეღავათიანი კრედიტები შეწყდება. როგორც ნიკოლოზ ვაშაკიძემ აღნიშნა, ევროპისგან ამდაგვარი იზოლაცია ქვეყანას მძიმე შედეგებს მოუტანს ეკონომიკური თვალსაზრისით.
„ბორელმა გააჟღერა, რომ მინიმუმამდე დავიყვანთ და შევკვეცთ საქართველოსთან კონტაქტებსო. შეიძლება „ოცნების“ ყელში ამოსული მოლაპარაკე თავები და „ხალხის ძალა“ გამოვიდნენ და თქვან, რომ შეამცირებენ და კარგად იყვნენ, ეგ ჩვენთვის პრობლემა არ არისო. ანალოგიური განცხადებით, შეიძლება კალაძეც გამოვიდეს და ამას შევეჩვიეთ. სინამდვილეში კი, ეს არის ძალიან დიდი დარტყმა ქვეყნისთვის, ეს იზოლაციის ძალიან მძიმე ფორმაა. ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ, ამდაგვარი იზოლაცია და პოლიტიკური პრობლემები როგორ გავლენას ახდენს ქვეყნის გარშემო შექმნილ ეკონომიკურ კლიმატზე. ქვეყანა ავტომატურად ხდება უკვე პრობლემური სუბიექტი როგორც ინვესტორებისთვის, ასევე შესაძლო ეკონომიკური პარტნიორებისთვის და მის ეკონომიკურ განვითარებას უკვე პრობლემები ექმნება“, - განაცხადა ნიკოლოზ ვაშაკიძემ.
შეგახსენებთ, როგორც გასულ კვირას, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, ევროპული ბლოკი საქართველოს მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას განიხილავს. მისი თქმით, "რუსული კანონი" და მის გარშემო განვითარებული უარყოფითი მოვლენები აშორებს საქართველოს ევროკავშირს. ამასთან, ბორელის თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირის კარი ღიაა, თუმცა დაიხურება, თუ საქართველოს მთავრობა იმავე გზით გააგრძელებს სვლას.