რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებით, კრემლი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტის შემუშავების პროცესს აკვირდება და მდგომარეობის განვითარების სხვადასხვა ვერსიას განიხილავს.
ასე გამოეხმაურა პრეზიდენტის პრესსპიკერი უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის განცხადებას, რომელიც ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტში ნავთობზე ემბარგოს შეყვანას, Swift-დან სხვა ბანკების გათიშვას და დეზინფორმაციის შესახებ პასუხისმგებლობის დაკისრებას მოიცავს.
„ეს ჯერ კიდევ გეგმებია, იქ განხილვები გრძელდება. ამას ვაკვირდებით და სხვადასხვა ვერსიაზე ვმსჯელობთ.
თუ ამერიკელების, ევროპელების და სხვა ქვეყნების მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ ვისაუბრებთ, მაშინ ეს ორმხრივი იარაღია. ცდილობენ რა, მოგვაყენონ ზიანი, ისინი ამისთვის დიდ საზღაურს თავად იხდიან და ამ სანქციების ღირებულება ევროპის მოქალაქეებისთვის ყოველდღიურად გაიზრდება“, - თქვა მან.
შეგახსენებთ, რომ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, დღეს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, სანქციების რიგით მეექვსე პაკეტი წარადგინა, რომელიც 4 პუნქტისგან შედგება.




























