მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ეს კანონი უარესიც კი შეიძლება არის, ვიდრე რუსული“ - კონსტიტუციონალისტი

დავით ზედელაშვილი

კონსტიტუციონალისტ დავით ზედელაშვილის შეფასებით, პარლამენტში ხელახლა ინიცირებული კანონი, რომელიც რუსულის ანალოგია, დასჯის და ტოტალიტარული სოციალური კონტროლის ინსტრუმენტს წარმოადგენს.

როგორც მან BMG-სთან განაცხადა, „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი, შესაძლოა, რუსულზე უარესიცაა, რამდენადაც კიდევ უფრო ბუნდოვანია.

იგივე რჩება ყველა პრობლემა, რაც შარშანდელ კანონთან დაკავშირებით არსებობდა. დამამცირებელი ტერმინის, „უცხოელი აგენტისგაქრობა არაფერს არ მოასწავებს, რამდენადაც შინაარსი უცვლელი რჩება და როგორც შინაარსობრივად, ისე ტექსტობრივადაც კი მნიშვნელოვანი დამთხვევაა რუსულ კანონმდებლობასთან. სამართლებრივი თვალსაზრისით, ეს კანონი გაცილებით უარესიც კი შეძლება არის, ვიდრე რუსული, რადგან კიდევ უფრო ბუნდოვანია, კიდევ უფრო თვითნებური აღსრულების შესაძლებლობას იძლევა. ესაა ტოტალური სოციალური კონტროლის ინსტრუმენტი, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, რომ სრულიად თვითნებურად იყოს გამოყენებული ყველა საზოგადოებრივი ორგანიზაციის მიმართ და პოტენციურად შეეხება ყველას. თუ შევადარებთ, რუსეთში მოქმედ კანონმდებლობაში იმაზე მეტი გამონაკლისები არსებობს, „ქართული ოცნებისრეჟიმის ვერსია ცდილობს, რომ კიდევ უფრო გაუსწროს და მეტად დრაკონული გახადოს. აღარაფერს ვამბობ იმაზე, სიცხადის რა სტანდარტითაა განსაზღვრული თავად უცხოური გავლენის მნიშვნელობა და როგორ შეიძლება ამგვარად ბუნდოვანი ცნებების ბოროტად გამოყენება. ეს არის მასხარად აგდება სამართლებრივი სახელმწიფოს და ყველა ძირითადი კონსტიტუციური პრინციპის“,- აცხადებს დავით ზედელაშვილი.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ყოველთვის შეეცდება ამ კანონის მიღებას. მათი წარმატების შემთხვევაში კი, მასში არაერთი შესწორების შეტანა და კიდევ უფრო გამკაცრებაა მოსალოდნელი.

„რუსეთის ტრაექტორია სწორედ ამას მიანიშნებს, რომ ბოლო 12 წლის განმავლობაში ეს კანონმდებლობა უფრო და უფრო ტოტალიტარული ხდებოდა. შემდგომში ფიზიკურ პირებზეც გავრცელდა და ასეთი შესწორება საქართველოშიც მოსალოდნელია. ასევე, იურიდიულ პირებთან მიმართებით რომ გათვალისწინებული იყოს სანქციის კიდევ უფრო გამკაცრება. ესაა ტრაექტორია, რომელსაც ეს რეჟიმი იმეორებს, როგორც აკოპირებს ამ კანონებს. სანამ ეს რეჟიმი ადგილზეა, მუდმივად შეეცდება ეს კანონი მიიღოს. ეს კანონი ამ რეჟიმის ბუნებიდან ლოგიკურად გამომდინარე ინსტრუმენტია, რომელსაც მიიჩნევს, რომ აუცილებლად სჭირდება, რათა ძალაუფლებაში ყოფნა განუსაზღვრელი ვადით გაიხანგრძლივონ. ყოველთვის დაბრუნდებიან ამ კანონით და თუ გაუვიდათ, კიდევ უფრო შემზღუდავს გახდიან. შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ იგივე გზას გაივლიან, რაც ამ კანონმა რუსეთში გაიარა“,- აღნიშნავს კონსტიტუციონალისტი.

დღეს, საქართველოს პარლამენტმა ე.წ. რუსული კანონის განხილვა დაიწყო.