სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამის ბენეფიციართა წრე გაფართოვდა. მთავრობის გადაწყვეტილებით, ბიზნეს უნივერსალის პროგრამას აგროტურისტული და ეკოტურისტული ინდუსტრიების მიმართულება დაემატა. პროგრამით სარგებლობა შეუძლია ყველა მეწარმეს, გარდა მათი, ვინც თბილისისა და ბათუმში ცხოვრობს.
დაფინანსების მისაღებად პროგრამაში ჩართვა შეუძლია აგროტურიზმში ჩართულ იმ მეწარმეს, რომელსაც რეგიონისთვის სახასიათო არქიტექტურის 10 ნომრამდე განთავსება გააჩნია. ასევე პროგრამა ფარავს შენობა-ნაგებობებს, რომელიც განთავსების ობიექტად არის განკუთვნილი. „ბიზნეს უნივერსალი“ მოიცავს ასევე ტრადიციული რეწვის სახელოსნოებს , არანაკლებ 10 ადამიანზე გათვლილი საჩვენებელი სივრცით.
სესხის და ლიზინგის ფარგლებში სააგენტო ბენეფიციარებს სესხის პროცენტს დაუსუბსიდირებს რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 5%, ხოლო ლიზინგის შემთხვევაში მინუს 3%-ის ოდენობით, ამასთან სესხის შემთხვევაში სააგენტო სესხის არაუმეტეს 80%-ის ფარგლებში ბიზნესს გარანტორად დაუდგება. სესხისა თუ ლიზინგის მინიმალური მოცულობა 50 000 ლარს, ხოლო მაქსიმალური 10 მლნ ლარს შეადგენს.
ეკოტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე თვლის, რომ ეს მექანიზმი უფრო მეტად რეგიონებში არსებული ბიზნესების ხელშეწყობისკენ არის მიმართული, რაც მათი შეფასებით, საკმაოდ პოზიტიური გადაწყვეტილებაა.
„ეკოტურიზმის შეღავათიანი სესხი, რომელსაც საგრანტო კომპონენტიც მოჰყვებოდა, რამდენიმე წელია მოქმედებს. ეს სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ მაშინ დაიწყო, როცა 2021 წელს ეკოტურიზმის ეროვნულ სტრატეგიაზე ვმუშაობდით.
ეკოტურიზმის მიმართულებით ამ შესაძლებლობით რამდენიმემ ისარგებლა, მაგრამ პირველივე წელს გამოჩნდა, რომ მნიშვნელოვანია კარგად იყვნენ ბანკები გარკვეული, რას ნიშნავს ეკოტურიზმი, რადგან სესხს რომ გასცემდნენ რაღაც ეტაპზე გაუჭირდათ იდენტიფიცირება, რა არის ეკოტურიზმი, რა არის აგროტურიზმი და ა.შ
ახლა სტრატეგიის დონეზე განმარტებულია, რა არის ეკოტურმიზი და აგროტურიზმი და წესით აღარ უნდა გაუჭირდეთ მათი იდენტიფიცირება საფინანსო ინსტიტუტებს.
ეს არის უფრო გათვლილი ისეთ ბიზნესებზე, რომელთაც სჭირდებათ ხელშეწყობა მთიან რეგიონებში, განსაკუთრებით კულტურულად ძალიან სენსიტიურ ლანდშაფტში მცხოვრები ბიზნესებისთვის ახალი სტარტაპებისთვის, რომლებსაც უნდათ რომ დაიწყონ ბიზნესი. მარტო სასტუმრო კი არ გააკეთონ, არამედ შეინარჩუნონ სახლი, სადაც იმ სასტუმროს აკეთებენ. არამარტო წარმოება გააკეთონ, არამედ აქცენტი გააკეთონ ადგილობრივ პროდუქციაზე, მის წარმოებაზე და შემდგომ უკვე ტურიზმის განვითარებაზე“,- აცხადებს ნატალია ბახტაძე.
ეკო ტურიზმის მიმართულებით ცვლილებები "ბიზნეს უნივერსალის" პროგრამაში:
ეკოტურისტული ინდუსტრია − დაფინანსების მისაღებად პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ მეწარმეებს, რომლებსაც აქვთ: რეგიონისთვის სახასიათო საცხოვრებელი არქიტექტურის განთავსება (10 ნომრამდე);
- შენობა-ნაგებობა, რომელიც არის რეგიონისთვის დამახასიათებელი ავთენტიკური არქიტექტურის და განკუთვნილია განთავსების ობიექტად განვითარებისა და ფუნქციონირებისთვის, ერთდროულად (დროის ერთ მონაკვეთში) მინიმუმ 8 სტუმრის გამასპინძლების შესაძლებლობით, მაქსიმუმ 10 სანომრე ფონდით;
− ტრადიციული რეწვის სახელოსნო საჩვენებელი, ტურისტული შეთავაზებით არსებული, მოქმედი სახელოსნო საქმიანობისთვის გამორჩეული სახასიათო ელემენტებით, რომელსაც გააჩნია არანაკლებ 10 ადამიანზე გათვლილი საჩვენებელი სივრცე და ასევე არანაკლებ 5 ადამიანზე გათვლილი მასტერკლასის ჩატარების შესაძლებლობა;
− გაქირავების სერვისი − (მათ შორის, არამოტორიზებული ტიპის გადაადგილების საშუალებები); აღნიშნული მოიცავს ველოსიპედის, ცხენის, საწყალოსნო არამოტორიზებული ტრანსპორტის ნაირსახეობების, სეზონური ჩასაბმელი საშუალებებისა (მაგ.: მარხილი, ეტლი და ა. შ.) და მათთან დაკავშირებული უსაფრთხოების ან/და სხვა აღჭურვილობის/ინვენტარის გაქირავებას, რომელიც გამოიყენება ბუნებაში გადაადგილებისას და ბუნების აღქმისა და დაკვირვებისათვის;