მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეს შეუთავსებელია ევროპულ ღირებულებებთან და ევროპის ნორმებთან - EU-ს ელჩი აგენტების კანონპროექტზე

640110bb15f06
BM.GE
03.03.23 01:00
775
"ეს შეუთავსებელია ევროპულ ღირებულებებთან და ევროპის ნორმებთან", - ასე უპასუხა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმა BMG TV-ს ეთერში კითხვას, მიიღებს თუ არა პარლამენტი „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტს.

როგორც მან BMG TV-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, მხარი უნდა დავუჭიროთ სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას ნაცვლად იმისა, რომ მოვახდინოთ მათი სტიგმატიზება.

„მე დიპლომატი ვარ, უცხოელი, რომელიც საქართველოში ცხოვრობს და ვცდილობ, საქართველომ წინ წაიწიოს და მიაღწიოს თავის ასპირაციას, - გახდეს ევროკავშირის წევრი. ეს ასპირაციები გარანტირებულია საქართველოს მთავარი კანონით – საქართველოს კონსტიტუციით. ამ ასპირაციებს იზიარებს საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა. და ეს მათ შორის არის საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანიც, რომელსაც იზიარებს თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია საქართველოში – სულ მცირე, ისინი, ვისთანაც მე პირადად მისაუბრია. ეს გაცხადებული მიზანია. პროცესი მიმდინარეობს. პროცესი შორს წასულია.

შარშან საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა – რაც ჩემი გადმოსახედიდან ჭეშმარიტად ისტორიული მიღწევაა. საქართველომ ასევე მიიღო 12 პრიორიტეტი. იმისთვის, რომ ევროკავშირის ინტეგრაციის გზაზე შემდეგი ნაბიჯი გადადგას ამ კანონპროექტის სახით, ჩვენ გვაქვს ინიციატივა, რომელიც შეუთავსებელია ევროპულ ღირებულებებთან და ევროპის ნორმებთან.

მესმის, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში არსებობს დისკუსიის შესაძლებლობა. არსებობს შესაძლებლობა რეფლექსიის, მაგრამ როგორც ევროკავშირის წარმომადგენელი ჩემი მოვალეობაა, რომ თავიდანვე ვთქვა, ამ დისკუსიის ყველაზე ადრეულ ეტაპზე, რომ ასეთი კანონი უბრალოდ შეუთავსებელი იქნება იმასთან, თუ ვინ ვართ ჩვენ, როგორც ევროკავშირი.

ეს შეუთავსებლობა ვლინდება პრიორიტეტ ნომერ შვიდში და პრიორიტეტ ნომერ ათში – ერთი ეხება სამოქალაქო საზოგადოებას და მეორე – მედიის თავისუფლებას. ევროკავშირი ყოველთვის მხარს უჭერდა სამოქალაქო საზოგადოების მუშაობას. აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, თავისუფალი მედია – ეს ნებისმიერი დემოკრატიის ფუნდამენტური საფუძველია. ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას ნაცვლად იმისა, რომ მოვახდინოთ მათი სტიგმატიზება“, - თქვა ელჩმა.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს მხარი ორმა კომიტეტმა გუშინ დაუჭირა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები