იურიდიული ფირმა „კორძაძის საადვოკატო ბიუროს“ მმართველის პარტნიორის ზვიად კორძაძის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციის წერისას გამორჩენილია, როგორ რეგულირდება საკითხი, თუ პრეზიდენტი პარლამენტის პირველი სხდომის მოწვევაზე უარს ამბობს. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა.
როგორც ცნობილია, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა, ამიტომ არ აპირებს პარლამენტის პირველი სხდომა მოიწვიოს, როგორც ამას კონსტიტუცია ავალდებულებს. თავის მხრივ, „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ეს პროცესს არ აფერხებს, რადგან ასეთ შემთხვევაში, პირველ სხდომას პარლამენტის თავმჯდომარე მოიწვევს. ამ საკითხზე კონსტიტუციონალისტების აზრი ორად იყოფა - ნაწილი მიიჩნევს, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს აღნიშნულის უფლება არ აქვს და ეს კონსტიტუციის დარღვევაა, ნაწილის აზრით კი - არა.
მაგალითად, ვახტანგ ხმალაძის თქმით, ახალარჩეულ პარლამენტს უფლება აქვს, თუ პრეზიდენტი არ დანიშნავს პირველი სხდომის თარიღს, თავად შეიკრიბოს. კონსტიტუციონალისტის არგუმენტი ისაა, რომ შეიძლება, არჩევნები დემოკრატიულად და თავისუფლად ჩატარდეს, მაგრამ თუ პრეზიდენტი მაინც არ მოიწვევს პირველ სხდომას, არ შეიქმნას ჩიხი.
ზვიად კორძაძე ვახტანგ ხმალაძის არგუმენტს იზიარებს, მაგრამ ამბობს, რომ ამ საკითხის არდარეგულირება საქართველოს კონსტიტუციის ხარვეზია.
- თავის დროზე, კონსტიტუციის წერისას გამორჩენილი სიტუაცია [რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი არ ჩანიშნავს პარლამენტის პირველი სხდომის თარიღს]. მეც ვიყავი საკონსტიტუციო კომისიის წევრი, მაგრამ ამ ნაწილში - არა. მაგალითად, პრეზიდენტი როდესაც არ აწერს კანონს ხელს, რა წერია კონსტიტუციაში - როგორ გვარდება საკითხი?
- კანონს ხელს აწერს პარლამენტის თავმჯდომარე...
- და ამ შემთხვევაში რატომ არ წერია?! იმიტომ, რომ ეს პრეზიდენტის კონკრეტული უფლებამოსილებაა.
- კონსტიტუციის წერისას გამორჩენილია ეს თემა?
- ანუ ეს არის საკითხი, რომელიც არაა დარეგულირებული. უნდა ეწეროს [რა ხდება ამ სიტუაციაში]. ვიღაცამ არ იფიქრა ამ კონკრეტულ სიტუაციაზე, რომ ეს შეიძლებოდა, მომხდარიყო, შესაბამისად, პრეზიდენტი იყენებს ამ უფლებამოსილებას.
- ვახტანგ ხმალაძის განმარტებას და არგუმენტს ამ საკითხთან დაკავშირებით იზიარებთ?
- კონსტიტუციაში კონკრეტულად უნდა ეწეროს, რა ხდება ასეთ სიტუაციაში, როცა პრეზიდენტი არ ნიშნავს პარლამენტის პირველი სხდომის თარიღს. ეს ბატონი ვახტანგის მინუსიცაა და ჩემიც, რადგან ორივე საკონსტიტუციო კომისიის წევრები ვიყავით, უბრალოდ, ჩვენ სხვა ნაწილზე ვმუშაობდით. მე მესმის ბატონი ვახტანგ ხმალაძის არგუმენტი, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ეს არის ის ხარვეზი, რომელიც არსებობს კონსტიტუციაში. ხარვეზები, როგორც წესი, ანალოგიებით წყდება, როცა საქმე კანონებს ეხება, მაგრამ კონსტიტუციის დონეზე ანალოგიები ცოტა საშიშია.