მერვე მოწვევის პარლამენტის (2012-20016 წლები) წევრ, კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძის შეფასებით, პოლიტიკაში მესამედ მობრუნებულ ბიძინა ივანიშვილს „საქართველო რუსეთში მიჰყავს“. „მე სხვა ახსნას ვერ ვხედავ“, - თქვა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ „რუსული კანონის“ ირგვლივ განვითარებულ პროცესებზე საუბრისას. „ქართული ოცნების“ ყოფილ დეპუტატს მიაჩნია, რომ დღეს ბიძინა ივანიშვილს შეუძლია, პარლამენტს „რუსული კანონი“ ისევ გააწვევინოს. „ბიძინა ივანიშვილს უნდა, რომ ქვეყანაში სისხლი დაიღვაროს?! ომი უნდა?!“ - ამბობს ვახტანგ ხმალაძე.
- სად მიჰყავს ბიძინა ივანიშვილს საქართველო?
- ევროპისგან და დემოკრატიული დასავლეთისგან შორს და ეს შორს მარტო რუსეთი არ არის. სხვა ქვეყნებიც არიან, რომლებიც შორს დგანან დემოკრატიისგან და ამ შემთხვევაში, ჩემი აზრით, პირდაპირ რუსეთისკენ არის გეზი აღებული. სხვა ლოგიკური ახსნა არ არსებობს მოვლენათა იმ ჯაჭვისა, რომელიც ერთი თვის წინ ინტენსიურად დაიწყო.
- დიახ, 3 აპრილიდან, როდესაც მამუკა მდინარაძემ გვამცნო, რომ „რუსულ კანონს“ დღის წესრიგში ისევ აბრუნებდნენ...
- კანონის შინაარსზე რომ არ ვიმსჯელოთ, ძალიან მარტივად ჩანს ყველაფერი - ფორმალურად, კონსტიტუციის 78-ე მუხლში გვიწერია, „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“... ახლა გამახსენდა - ე.წ. სტალინური კონსტიტუცია როდესაც მიიღეს 30-იან წლებში, სტალინთან მივიდა მისი ძველი თანამებრძოლი და უთხრაო - ამ კონსტიტუციით ვერ მართავ ქვეყანასო... სტალინმა კი უპასუხა: მერე ვინ გითხრა, რომ ქვეყნის მართვას რაც აქ წერია, იმის მიხედვით ვაპირებო...
- ასეა ჩვენი საქმე?
- ეტყობა ასეა... ან შეიძლება, როცა კონსტიტუციაში ამ ჩანაწერს აკეთებდნენ, ასე არ ფიქრობდნენ, მაგრამ შემდგომ რაღაც მოხდა, რის გამოც ქვეყნის არაფორმალურმა მმართველმა კურსი იცვალა ან შეიძლება სხვა ვარაუდიც გამოითქვას, რატომ მოხდა ეს.
- იქნებ თავიდანვე ასეთი ჩანაფიქრით მოვიდა?! „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ყოფილ წევრებს ხშირად ვეკითხები - როდის მიხვდით, რომ ბიძინა ივანიშვილმა კურსი იცვალა?!
- ერთი წუთით მაინც ეჭვი რომ გამჩენოდა, 2011 ან 2012 წლებში ამის თაობაზე, მე იქ არ ვიქნებოდი, მაგრამ ასეთი ეჭვი არ გამჩენია. დემოკრატიისგან გადახრა დაიწყო, 2015 წლის ბოლოსკენ; 2016 წელს უფრო კარგად გამოჩნდა და ესეც იყო მიზეზი, რის გამოც კოალიციაში გაყრა მოხდა.
- თუმცა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დღესაც გვიმეორებს, რომ საქართველო 2030 წელს ღირსებით შევა ევროკავშირში...
- ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს. ევროკავშირი ამბობს, რომ გინდათ ჩემთან? - კი, ბატონო, მობრძანდით, მაგრამ პირობები უნდა შეასრულოთ და შენ არათუ ასრულებ ამ პირობებს, EU-ში არსებული წესების საწინააღმდეგოდ მიდიხარ და ხელისუფლება თავის მიერვე აღებული ვალდებულებების დარღვევით მოქმედებს; ასე ვინ მიგიღებს?! მე თქვენთან ოჯახში თუ მინდა შემოსვლა, კეთილი უნდა ვინებო და შევასრულო ის წესები, რაც თქვენ ოჯახშია მიღებული. ხომ ასეა?! ეს არის ძალიან მარტივი პრინციპი. რას აკეთებს მმართველი პარტია?! არათუ იცავს წესებს, დემონსტრაციულად საწინააღმდეგოდ მოქმედებს და ბუნებრივია, კარს არავინ გაგვიღებს; დავუშვათ მინდა, ევროკავშირში შესვლა, მაგრამ არ მომწონს რაღაც წესები, რომელიც იქ არის. მაშინ მე მაქვს ასეთი ალტერნატივა - უნდა განვსაზღვრო რა უფრო მეტად მინდა - EU-ში შესვლა თუ იმ წესების შეუსრულებლობა, რომელიც იქ არის, რადგან თუ არ შევასრულე პირობები, არ მიმიღებენ...
- დღეს ასე ჩანს, რომ მმართველი პარტიისთვის უმთავრესი ძალაუფლების შენარჩუნებაა...
- მესმის, მაგრამ ვის შეუნარჩუნებია ძალაუფლება საშვილიშვილოდ?! კომუნისტებმაც კი ვერ შეძლეს ძალაუფლების შენარჩუნება და რატომ ჰგონიათ, რომ შეინარჩუნებენ?! უფრო გონივრული იქნებოდა, დათმონ ხელისუფლება და მათაც და მათმა შვილებმა და შვილიშვილებმა იცხოვრონ ევროპულ გარემოში და არა - რუსულში.
- როგორ ფიქრობთ, რამ აიძულა ბიძინა ივანიშვილი გადაედგა ეს ნაბიჯი და რაც არ უნდა იყოს, გამართლება აქვს წავიდეს ისეთ რისკზე, რომელიც საქართველოს ევროპულ პერსპექტივას საფრთხეს უქმნის?
- გამართლება არ აქვს, რადგან როცა ღირებულებებზე ვსაუბრობთ, ჩემი უსაფრთხოება ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე - ჩემი ოჯახის და ჩემი ოჯახის უსაფრთხოება ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩემი ქვეყნის უსაფრთხოება, ამიტომ ღირებულების თვალსაზრისით ამას გამართლება არ აქვს. რატომ მოიქცა ასე?! - არ ვიცი. ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს - შეიძლება შიში რუსეთის მიმართ ან მუქარა რუსეთის მხრიდან ან კიდევ მისი ქონებისთვის საფრთხის წარმოქმნა და ა.შ. ცნობილია, რომ ძალიან მდიდარი ადამიანები ყველაფერზე მიდიან, ოღონდ თავისი ქონება გაზარდონ... სიმდიდრეს მოსდევს ასეთი ავადმყოფობა.
- რამ შეიძლება შეაჩეროს ბიძინა ივანიშვილი?
- ხალხმა...
- თუმცა ჯერ არ ეტყობათ, რომ ხალხის ძალას აღიარებენ... მეტიც, დააიწყეს გინება, დაშინება, ადამიანების დასისხლიანება...
- 2012 წელს არ იყო შანტაჟი და მუქარა?! მაგრამ როგორ დამთავრდა?!
- „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებიდან წასვლით... თუმცა ალბათ წასვლასაც უნდა გამბედაობა?
- პირველ რიგში, გონება უნდა... თუ ხელისუფლება ვერ მიხვდა და ვერ დაინახა ის დრო, როცა ის უნდა წავიდეს, იმ ხელისუფლებას აგდებენ და გაგდებისას ხელისუფლების პირველი პირების ბედი ცუდად მთავრდება ხოლმე; თუნდაც თვითგადარჩენის ინსტინტქმა უნდა იმუშაოს, თუ არ იმუშავა, შეიძლება, ძალიან მძიმედ წარიმართოს პროცესი მთლიანად ქვეყნისთვის და იმ პროცესიდან ხელისუფლება გამარჯვებული ვერ გამოვა; არსად გადარჩენილან <ხელისუფლებები> და ვერც აქ გადარჩება.
- რას ეტყოდით ან ურჩევდით ბიძინა ივანიშვილს - რატომ უნდა დაიხიოს ახლა უკან?
- უნდა, რომ ქვეყანაში სისხლი დაიღვაროს?!
- დღეს ამ რისკის ქვეშ ვართ?
- ომი უნდა?! ამ ომს შეიძლება გადაჰყვეს ხელისუფლებაც და ძალიან ბევრი გულანთებული ადამიანი... მისი ერთი სიტყვის თქმით კი, შესაძლებელია ამის თავიდან აცილება და შემდეგ ხალხმა თქვას, ვის აძლევს ხელისუფლებას - თუ ხალხი იტყვის, რომ ისევ „ქართულ ოცნებას“ უჭერენ მხარს, სხვა რა გზა გვექნება, უნდა შევეგუოთ.
- რა სჭირდება საქართველოს განვითარებისთვის?
- თავისუფლება.
- რას უნდა დაესვას წერტილი საქართველოში?
- უნდა დასრულდეს თავისუფლების ხელყოფა - თქვენი თავისფულების, ჩემი თავისუფლების, იმ „ქოცის“ თავისუფლებს და იმ „ნაცის“ თავისუფლების და ვინც ხელყოფს თავისუფლებას, მას მაგრამ უნდა მოხვდეს...