მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ესაა პრობლემა, რომელზეც ხშირად არ საუბრობენ” - რა პრობლემებს უქმნის ჩრდილოვანი ეკონომიკა საქართველოს

64ac3116a432b
შოთა ტყეშელაშვილი
10.07.23 23:55
953
საქართველოს ეკონომიკის მრავალ გამოწვევათა შორის ერთ-ერთი ჩრდილოვანი, ანუ აღურიცხავი ეკონომიკის მასშტაბებია. ამ საკითხზე გაამახვილა ყურადღება გადაცემა “წერტილის” ეთერში "პროკრედიტ ბანკის" გენერალურმა დირექტორმა ალექსი მატუამ. მისი თქმით, არაფორმალური სექტორის სიდიდის გამო, ეკონომიკის ეს ნაწილი ხელმისაწვდომი დაფინანსების გარეშე რჩება. საქმე იმაშია, რომ ეს სფერო დღეს კომერციული ბანკების მხრიდან ფინანსდება სამომხმარებლო და არა ბიზნეს სესხებით, შესაბამისად მათი საპროცენტო განაკვეთებიც გაცილებით მაღალია ვიდრე სხვა შემთხვევაში იქნებოდა.

“კიდევ ერთ პრობლემას ვხედავთ ინკლუზიურობაში. ქვეყნის ეკონომიკის დიდი ნაწილი მაინც არ მოდის SME სექტორზე, ანუ საშუალო ბიზნესზე და აქ არაერთ პრობლემასთან გვაქვს საქმე, რომლებზეც ხშირად არაა საუბარი. მე არ ვიცი ვინ როგორ აღიქვამს ამ საკითხს, თუმცა ჩვენ საკმაოდ მტკივნეულად აღვიქვამთ.

მნიშვნელოვანი პრობლემაა ჩრდილოვანი ეკონომიკის. თქვენ თუ იცით, რამდენია ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი მთლიან ეკონომიკაში? IMF-მა დათვალა 2015 წელს და 53% თქვა რაც ძალიან მაღალია, ხოლო Global economy-ის მონაცემით 46%-ია. ეს საკმაოდ მაღალია, თანაც იმ პირობებში, როდესაც ამ სეგმენტისთვის საქართველოს აქვს მსოფლიოში ალბათ ყველაზე დაბალი გადასახადები. ამ მხრივ პრობლემა არა გადასახადის მოცულობა, არამედ ამის ადმინისტრირებაა. ეს არის მოსაგვარებელი.

ამ თემაზე ჩვენ გვქონდა საუბარი ფინანსთა მინისტრთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან. ამას ერთი მხარე ან ერთი სტეიკჰოლდერი ვერ გააკეთებს. აქ ვხედავ სებ-ის როლს, რადგანაც ფინანსები არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი. თქვენ თუ დააკვირდებით, ეს სეგმენტი დაფინანსების გარეშე კი არ რჩება, ის დაფინანსებულია ბანკების მხრიდან, მათ შორის, მაგრამ საპროცენტო განაკვეთი არის გაცილებით მაღალი. იქ შეიძლება საუბარი იყოს 24%-30%-ზე და ზოგ შემთხვევაში 50%-ზეც კი, რაც მიკროდაფინანსება შეიძლება იყოს.

იგივე ტიპის ბიზნესები, ბულგარეთში, რუმინეთში თუ ალბანეთში იქ მათთვის საპროცენტო განაკვეთი არის ორჯერ, სამჯერ დაბალი. იმიტომ, რომ მათ აქვთ ისეთი პლატფორმები გაკეთებული, რომ ფორმალური რეგისტრაციის ნაწილი მოგვარებული აქვთ ან ტექნოლოიურად, ან ადმინისტრაციულად; როდესაც ვამბობთ, რომ ბიზნესის გახსნა შესაძლებელია 15 წუთში, ეს, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ კეთების პროცესში უნდა გაკეთდეს ისე, რომ ვადაშიც კარგად გამოიყურებოდეს.

შედეგი რაც გვაქვს ჩრდილოვანი ეკონომიკის ზომის - 46%, თუმცა ზოგი 30%-35%-ს ამბობს, ეს მაინც მაღალია. ასეთი რიცხვების შემცირებისთვის შესაძლებელია უფრო თამამი და რეფორმატორული გადაწყვეტილებების მიღება,” - განაცხადა ალექსი მატუამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები