მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპაში კონცენტრაციას უწოდებენ, როცა 4-5 ბანკი ფლობს 50%-ზე მეტს, ჩვენთან ორ ბანკს აქვს 80%-მდე - მატუა

64ada844ae135
შოთა ტყეშელაშვილი
12.07.23 00:05
2055
სტატიაში საუბარია:
“პროკრედიტ ბანკის” გენერალურმა დირექტორმა, ალექსი მატუამ გადაცემა “წერტილის” ეთერში საქართველოს საფინანსო სექტორის შესახებ ისაუბრა. კითხვაზე თუ რამდენად კონცენტრირებულია საქართველოში არსებული ბაზარი “პროკრედიტის” CEO-მ განაცხადა, რომ ევროპის ქვეყნებთან მიმართებით სახეზეა გაცილებით უფრო მაღალი კონცენტრაციაა.

“პროკრედიტ ბანკი საქართველოს გარდა არის კიდევ 10 ქვეყანაში. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია რა ვითარებაა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, რა გამოწვევებია და ამ ანალიზის გაკეთების შესაძლებლობა გვაქვს. ასევე გვაქვს ბანკები EU-ს ქვეყნებში, გერმანიაში, ბულგარეთში, რუმინეთში. ვარ კონკრეტული ბანკების სამეთვალყურეო საბჭოებში და პირველი განსხვავება რასაც ვხედავ არის ის, რომ ძალიან მაღალი კონცენტრაციაა საქართველოში საბანკო სფეროში. არცერთი ბაზარი მინახავს, სადაც ორ ბანკს ჰქონდეს 80%-მდე. არის კონცენტრირებული ბაზრები, მათ შორის დასავლეთ ევროპაშიც, მაგრამ იქ არის 4-5 ბანკი, რომელიც ფლობს 50%-ზე მეტს, რომელსაც ეძახიან მაღალ კონცენტრაციას. ჩვენ შემთხვევაში განსხვავებული ვითარება გვაქვს.

სწრაფად ამის ცვლილება ვერ მოხდება და ამას დიდი დრო დასჭირდება. იმდენად დიდი სხვაობაა პირველ, მეორესა და მესამეს შორის, რომ ძალიან რთულია სხვანაირად გადანაწილდეს.

დღეს შესაძლებელია, რომ ციფრული ბანკები შემოვიდნენ, თუმცა არამგონია რომ ამან იმდენად დიდი შედეგი იქონიოს მთლიანად ბაზრის გადანაწილების მხრივ. შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს საბანკო სექტორი ტექნოლოგიური თვალსაზრისით არის უმაღლეს დონეზე. ჩვენ გვაქვს წვდომა დასავლური ბაზრის ბანკებთან და ვიცით რომ აქ ისეთ სერვისებზე გვაქვს წვდომა, რომელთა ნაწილიც იქაც კი არ არის. თუმცა, ეს არ ნიშნავს, იმას, რომ აქ არ იყოს კონტროლირება. ერთია მომხმარებელთა უფლებების დაცვა, ხოლო მეორეა კონკურენტული პირობების შექმნა სხვა მოთამაშეებისთვის. აქ მთავარი როლი ეკისრება ეროვნულ ბანკს.

ჩვენ ვიცით, რომ 30%-ზე მეტი ვისაც აქვს ბიზნესში, მას აკონტროლებს ანტიმონოპოლიური სამსახური. ჩვენ ეს სამსახური არ გვაკონტროლებს. ამის როლი აქვს ეროვნულ ბანკს. შესაბამისად მათი ნაბიჯები ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად ახალი მოთამაშეებისთვის ბაზრის გახსნა და უფრო დაბალი კაპიტალის მოთხოვნით ბაზარზე შემოსვლის შესაძლებლობის მიცემა. თუმცა, ამ მხრივ გარღვევას არ ველოდები, როგორსაც ბევრი ელოდება,”- განაცხადა ალექსი მატუამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები