მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში „პროკრედიტ ბანკის“ ოპერირების 25-წლიანი ისტორია - ინტერვიუ ალექს მატუასთან

პროკრედიტ ბანკი

საერთაშორისო „პროკრედიტ ჯგუფის“ წევრი „პროკრედიტ ბანკი საქართველო“ დაარსების და მოღვაწეობის 25 წლის იუბილეს აღნიშნავს. ჯგუფს სათავეში გერმანიის მაინის ფრანკფურტში ბაზირებული „პროკრედიტ ჰოლდინგი“ უდგას, რომელიც სტრატეგიულ მართვაზე, კაპიტალის ადეკვატურობაზე, რეპორტინგზე და რისკების მართვაზეა პასუხისმგებელი. „პროკრედიტ ჯგუფი“ გერმანიასა და აღმოსავლეთ ევროპაში არსებულ ფინანსურ ინსტიტუტებს აერთიანებს, რომლებიც დღეისთვის წარმატებით 12 ქვეყანაში, კერძოდ კი სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკის ქვეყნებში და გერმანიაში ოპერირებენ.

საქართველოში „პროკრედიტ ჯგუფის“ ექსპანსიის ისტორია 1999 წლიდან იწყება. წლების განმავლობაში ბანკის საქმიანობის ძირითადი მიზანი იმ მცირე და საშუალო ბიზნესების დაფინანსება იყო, რომლებსაც განვითარების გრძელვადიანი გეგმა აქვთ. კომერციული, საერთაშორისო გერმანული ჯგუფის წევრის საქართველოს ბაზარზე განვითარების 25-წლიანი ოპერირების შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე საქართველოში „პროკრედიტ ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ალექს მატუამ BMG-ის გენერალურ პროდიუსერთან გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში ისაუბრა.

ალექს მატუა აღნიშნავს, რომ ბანკი 25 წლის განმავლობაში საქართველოს ბაზარზე სტაბილურად ვითარდებოდა და მასთან ერთან მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას უწყობდა ხელს, ამგვარად საფინანსო ინსტიტუტი კერძო სექტორის სანდო პარტნიორად იქცა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. „პროკრედიტ ბანკის“ მენეჯმენტი მიღწეულზე გაჩერებას არ აპირებს და მისი ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მომდევნო პერიოდში მათი მიზანია „პროკრედიტ ბანკი“ გახდეს მესამე ბანკი საქართველოში.

- როგორ გაიარეთ ეს 25 წელი ისე, რომ აქციონერების ნდობა და მიმართება ქვეყნის, ბანკის, ბანკის გუნდის მიმართ მყარია და მყარია ორგანიზაციის სტრუქტურა...

- 25 წელი ისე გავიდა, თითქოს მოკლე პერიოდი იყოს, თუმცა მეორე მხრივ ძალიან ბევრი რამ გამოვიარეთ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში 1999 წელს, როდესაც გერმანელები შემოვიდნენ საბანკო სექტორი ძალიან სუსტი იყო, მეორე მომენტი კი ის იყო, რომ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ფაქტობრივად ნულის ტოლი იყო. „პროკრედიტი“ იყო პირველი, რომელმაც შემოიტანა ტექნოლოგია და თქვა, რომ შეეძლო სესხების გაცემა ყველგან და დავიწყეთ რეგიონებიდან სესხების გაცემა. ეს იყო პირველი ექსპანსია, რომელმაც მიკრო და მცირე ბიზნეს პირველი ხელშეწყობა აღმოუჩინა და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ეკონომიკის განვითარებაში, დასაქმებაში, ბევრი პარამეტრი ამის შემდეგ შეიცვალა, რაც ასევე მაგალითი იყო კონკურენტული გარემოს ზრდისთვის, სხვა ინვესტორებისთვის...

- რა იყოს „პროკრედიტის“ როლი საბანკო-საფინანსო ბაზრის განვითარებაში და მეორე გერმანელების დამოკიდებულებაც სამაგალითო იყო, როდესაც საქართველოში საბანკო სფეროში შემოდიოდნენ...

- გერმანელების მიდგომა ნებისმიერ ბიზნესში პირველ რიგში ღირებულებებით ხდება და შემდეგ ბიზნესის კეთება ამ პრინციპებით და ღირებულებებით. ისეთი დამფუძნებელი, როგორიც გერმანიის განვითარების ბანკია, დღეს ევროპის განვითარების ბანკი - EBRD-იც ჩვენი დამფუძნებელია, სხვა მნიშვნელოვან დამფუძნებლებთან ერთად - ეს იყო მთავარი, რომლებიც ამბობდნენ, რომ ჩვენ გვინდა ქვეყნებში და დღეს მათი რაოდენობა 12-ს შეადგენს, გვინდა ეკონომიკის განვითარებაში წვლილი შევიტანოთ იმ ფორმით და ისეთი სახით, როგორიც ევროპაშია. შესაბამისად, ევროპული პრინციპებით და ღირებულებებით ვაკეთოთ ბიზნესი და სამართლიანი გარემო შევქმნათ ამისთვის. მეორე ეტაპი იყო 2008 წლის ომი და იმ პერიოდში მსოფლიოში არსებული ეკონომიკური კრიზისი - გერმანული მიდგომა რასაც ნიშნავს, ომისა და კრიზისის პირობებში ერთადერთი ბანკი იყო საქართველოში, რომელიც სერვისს ბოლომდე აწვდიდა ომის პირობებში და იყო მოგებიანი. ანუ ისეთი სისტემა იყო რისკების შეფასების, ორგანიზების, თანამშრომლების მენეჯმენტის, რეპორტინგის და ა.შ. ამან განაპირობა, რომ იქაც სტაბილურად გამოვიყურებოდით. ამან გერმანელების იმის თქმის საფუძველი მისცა, რომ მიუხედავად სირთულისა, ომისა, კოვიდისა და ცვლილებებისა, ამ ქვეყანაში ჩვენი კიდევ უფრო მეტად განვითარების შანსია.

- დღეს რა განწყობები და შეხედულებებია ამ კუთხით?

- არის პერიოდები, როდესაც ჩვენი ინვესტორები კითხვებს სვამენ, ზოგჯერ ძალიან კრიტიკულ კითხვებსაც გარემოსთან, სამართლიან კონკურენციასთან მიმართებით და ა.შ. ეს კითხვები არის, როდესაც ქვეყანაში მნიშვნელოვანი ტურბულენტობაა, იგივე აქციები და დაპირისპირებები რაც არის. არის კითხვები, რომლებსაც ჩვენ ვპასუხობთ და ზოგჯერ ეს პასუხი დამაკმაყოფილებელია, ზოგჯერ არც ისე, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ საქმით და ბიზნესურად დავამტკიცოთ, რომ კიდევ შესაძლებელია და კიდევ უფრო მხარდაჭერა იქნება საქართველოსთვის. ამიტომ მე როგორც მენეჯერი, წარმატებას ვერ ვხედავ ევროპული ღირებულებებისა და პრინციპების გარეშე, რადგან როდესაც ეს გარემო უზრუნველყოფილია, ფაქტობრივად მე შემიძლია დავაანონსო ახალი სტრატეგია, რომლის მიხედვითაც შემიძლია ვთქვა, რომ მომავალი ხუთი წლის განმავლობაში მინდა ბაზარზე მნიშვნელოვანი მოთამაშე ვიყო.

- ეს ახლა ცხადდება?

- ამწუთას შემიძლია ვთქვა, რომ „პროკრედიტ ბანკს“ აქვს სურვილი, სამართლიანი კონკურენტული გარემოს პირობებში, მნიშვნელოვანი მესამე მოთამაშე გახდეს ბაზარზე. ამის ამბიცია და მხარდაჭერა ჩვენი დამფუძნებლებისგან გვაქვს.

- რა არის ის მთავარი გავლენა, რომლითაც საქართველოს ეკონომიკა უკეთესი, უფრო მიმზიდველი და უფრო საინტერესო გახდა?

- პირველი ის არის, რომ ბანკის, როგორც ბიზნესის ოპერირება მნიშვნელოვანია დაფუძნებული იყოს სამართლიან ურთიერთობაზე. არ უნდა იყოს იმაზე დამოკიდებული, შენმა პარტნიორმა, შენმა კლიენტმა რაღაც იცის თუ არა და იმის გამოყენება არ უნდა ხდებოდეს თუ ვინმემ რამე არ იცის. სამართლიანი ურთიერთობები, სადაც აღწერილია, რომ ჩვენ წვრილი შრიფტით რაღაცას არ დაგიწერთ, იმიტომ რომ თქვენ ვერ ნახოთ - ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო ბოლო 20 წლის განმავლობაში, არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიო მასშტაბით. ჩვენ ასეთ რაღაცას ვამბობდით - ვიყოთ ღია, ტრანსფარანტული და გამჭვირვალობასთან ერთად ვიყოთ სამართლიანი. თუ რაღაც პირობას გიყენებთ თქვენ, იგივე პირობას პასუხისმგებლობას ჩემ მხარესაც დავაყენებ.

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის თანამშრომლებთან მიმართება. საქართველოში ჩვენი თანამშრომლების განვითარებაში ძალიან ბევრი ინვესტიცია ჩავდეთ, ბევრი რამ შევქმენით, რამაც პროფესიონალიზმის და ადამიანური ურთიერთობების მაღალი სტანდარტი უზრუნველყო. ჩვენ პირველებმა ვთქვით, რომ გვინდა პირადი ცხოვრებისა და სამუშაო ცხოვრების ბალანსი. არ შეიძლება 9 საათიდან 9 საათამდე ადამიანი მუშაობდეს. თუ მუშაობს 9-დან 6 საათამდე, ამ დრომდე უნდა იმუშაოს და დანარჩენი მისი პირადი ცხოვრებაა და სამსახური იქით არ უნდა გადაჰყვეს...

- კიდევ ერთი საკითხი, რომელიც თქვენ ერთ ინტერვიუში აღნიშნავთ, არის ინვესტორების და თქვენი აქციონერების პერიფრაზი, რომ ბანკის მთავარ აქტივს წარმოადგენს მისი გუნდი და თანამშრომლები. ამ ინვესტირებამ ფაქტია, რომ გაამართლა. დღეს იმ გეგმიდან გამომდინარე, რაზეც „პროკრედიტს“ გასვლა უნდა - ეს არის მთავარია, რითაც ამ გეგმის განხორციელებას?

- ადგილობრივი თანამშრომლების სწავლებამდე და ტრენინგებამდე, 2015-2016 წლამდე მენეჯმენტში უცხოელები და ძირითადად გერმანელები იყვნენ. ცვლილების შემდეგ, ფაქტობრივად ქართულმა გუნდმა, რომელმაც საქართველოში და მათ შორის გერმანიაში ისწავლა, ბანკის გერმანული სტანდარტებით მართვის გარანტიები უზრუნველყო.

შესაბამისად, ქართულმა გუნდმა მისი გამოცდილებით, სწავლით, ინფორმაციის გაცვლით, შეძლო, რომ დღეს ფაქტობრივად ყველა ტოპმენეჯერი ქართველია.

- რა მზადდება და რას იტყვით პარტნიორებზე - საქართველოში მოქმედ ბიზნესებზე, რომლებიც 25 წელია იზრდებიან და მათთან ერთად იზრდება თქვენი პორტფელი. რა შეიძლება მათ უახლოეს პერიოდში კიდევ მიიღონ „პროკრედიტ ბანკისგან“?

- საინტერესო და სასიამოვნო კითხვაა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ 1999 წელს შემოვედით და ძალიან ბევრი ბიზნესი სწორედ ამ პერიოდში იდგამდა ფეხს, შესაბამისად, ბევრი ბიზნესი ჩვენთან ერთად განვითარდა. ერთი მაგალითი რომ გითხრათ, პირველი კლიენტი, რომელმაც თავის დროზე ანგარიში გახსნა იყო მიკრობიზნესი, მაგალითად „ახალი ნათება“ რომ ავიღოთ - ერთად გავიზარდეთ. 25 წელი შეგვისრულდა ჩვენ და 25 წელი შეუსრულდა ახალ ნათებას. ეს არის პარტნიორობა, როდესაც სჭირდება გვერდში უდგახარ, როდესაც შენ გჭირდება ის გიდგას გვერდში. მახსოვს, როდესაც 2 000-ლარიან სესხებს გავცემდით და დღეს ამ კლიენტზე 2 მილიონის სესხი გვაქვს გაცემული.

- პოზიციონირების მხრივ, საქმიანი საზოგადოებისთვის თვალშისაცემი იყო ESG მიმართულება, როგორც პრიორიტეტი და როგორც დნმ-ის ნაწილიც. ამ მიმართულებაზე ცოტა უფრო მეტი რომ გვიამბოთ იმ ბიზნესაქტივობებთან ერთად, რასაც მუდმივად აკეთებთ თქვენი პარტნიორი კომპანიებისთვის?

- ეკო და მდგრადი განვითარების მიმართულებაში ალბათ პირველები ვიყავით და ეს იყო 15 წლის წინ, როდესაც დავიწყეთ. 15 წლის წინ, როდესაც ამ მიმართულებით განვითარება დავიწყეთ ბაზარი ამისთვის მზად არ იყო და ჩვენ გავიტანეთ ეს საკითხი. გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) საკითხებში პოზიციონირება 2012 წლიდან დავიწყეთ. დღემდე მხოლოდ ეკო მიმართულებაში 750 მლნ ლარის ინვესტიცია ჩავდეთ, რაც საქართველოს ბაზრისთვის საკმაოდ დიდი თანხაა. შესაბამისად მხოლოდ მწვანე და ეკო დაფინანსების კუთხით 2400-2500 სესხი გაიცა, რამაც ბაზარზე ამ მიმართულებით განვითარებას შეუწყო ხელი და დღეს ეს უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა. ბაზარიც ამაზე ჩვეულებრივად რეაგირებს. ამგვარად ჩვენ როლსაც ვხედავთ აქამდე რომ მოვედით და ამ კუთხით კონკურენცია თუ გაიზრდება გარემოსთვის კიდევ უფრო უკეთესი იქნება.

- შეგიძლიათ გვითხრათ „პროგრედიტ ბანკის“ დაახლოებითი კონტრიბუცია საქართველოს ეკონომიკაში, რომელთან ერთადაც თქვენც განვითარდით ამ 25 წლის განმავლობაში?

- ეკო დაფინანსება ბანკის მთლიანი დაფინანსების დაახლოებით 10%-ია. ძალიან მარტივად შეგვიძლია ვთქვა, რომ მნიშვნელოვანი კონტრიბუცია შევიტანეთ ეკონომიკაში ბიზნესის მიმართულებით. ჩვენ საცალოში სეგმენტში აქტიურები არ ვიყავით და ყოველთვის ვაქტიურობდით მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაში და აქაც მნიშვნელოვანი მოთამაშეები ვიყავით, ვართ და მომავალშიც აუცილებლად ვიქნებით... საცალო მიმართულებითაც ვაპირებთ კიდევ უფრო გაფართოებას. ამიტომ რა მიზანიც გვაქვს, რომ ვიყოთ ძლიერი მოთამაშე, სავსებით შესაძლებელია.

- საერთაშორისო ორგანიზაცია Fitch-ის მიერ „პროკრედიტ ბანკ“ საქართველოს მუშაობა აღიარებული და შეფასებულია ყველაზე მაღალი ხარისხით და სტანდარტით, რითაც კი შეიძლება ქართული საბანკო ინსტიტუტი შეფასდეს. რა გზავნილია ეს თქვენი პარტნიორებისთვის და რის საფუძველს გაძლებთ იმ ამბიციებისთვის, რაც თქვენ გეგმებიდან გამომდინარე გაქვთ?

- Fitch-ის რეიტინგი მნიშვნელოვანი დადასტურებაა იმის, რომ ჩვენ მაღალი სტანდარტებით ვმუშაობთ. აქ რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ის, თუ ვინ არის ჩვენს უკან, ამ შემთხვევაში ფრანკფურტი, ჰოლდინგი, რომელიც მხარს უჭერს ინსტიტუციის განვითარებას საქართველოში. საქართველოს რეიტინგი კიდევ ცალკე დგება. "პროკრედიტ ბანკისთვის" Fitch-ის მიერ მინიჭებული BB+ რეიტინგი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეიტინგია საქართველოში. ქვეყნის რეიტინგზე მაღალი რეიტინგი გვაქვს. ეს ნიშნავს სწორ რისკაპეტიტს, რისკმენეჯმენტს, სწორ რეპორტინგს, გამჭვირვალე ინფორმაციას ყველასთვის, მათ შორის როგორც კლიენტებისთვის, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისთვის, მარეგულირებლისთვის. ასევე ისიც არის, რომ ჩვენ როგორც ჯგუფი ფრანკფურტის საფონდო ბირჟაზე პრემიუმ ლისტინგში ვართ, ეგეც მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომ ბაზრის მოთხოვნები დააკმაყოფილო და ის სტანდარტები, რომელიც უმაღლეს დონეზეა წარმოდგენილი ევროპული სტანდარტების კონტექსტიდან.

- 5 წელიწადში, როდესაც მორიგი მრგვალი თარიღი დადგება „პროკრედიტ ბანკი საქართველოს“ რეალობაში, რა არის თქვენი გზავნილი პარტნიორებს და გუნდს?

- პირველ რიგში ის ამბიცია, რაც გვაქვს, ეყრდნობა კოლეგებს და გუნდს, რომელიც ამ ამბიციის შესრულებაში არიან ჩართული. ეს გვაძლევს ძალიან მაღალ თავდაჯერებას იმისა, რომ ჩვენ ამ მიზანს მივაღწევთ. მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი ის არის, რომ ჩვენი დამფუძნებლები და ჩვენი გუნდი მოწოდებულნი არიან იმისთვის, რომ განვვითარდეთ და ძლიერი მოთამაშეები ვიყოთ ამ და არამარტო ამ ბაზარზე. მესამე მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ის, რომ ჩვენ როგორც ევროპულ ორგანიზაციას ბაზარზე სამართლიანი კონკურენტული გარემო გვჭირდება, რაც ჩვენ მიერ მნიშვნელოვანი ინვესტიციების ჩადებას და შესაბამისად, ამ ინვესტიციების ფონზე შესაბამისი ამონაგების მიღებასაც უზრუნველყოფს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები