3 რუსული მოიერიშე MIG-31 ფინეთის ყურის გავლით ესტონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა და ცაში 12 წუთი დაყო. ესტონეთის ხელისუფლების განცხადებით, ფრენა საჰაერო საკონტროლო პუნქტთან შეუთანხმებლად, ვაინდლუს კუნძულის სიახლოვეს განხორციელდა.
ოფიციალურმა ტალინმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში რუსეთმა მათი საჰაერო სივრცე უკვე მეოთხედ დაარღვია და MIG-31-ების უკანონო ფრენა “უპრეცედენტო თავხედობად” შეაფასა. განმარტებების მისაღებად საგარეო საქმეთა სამინისტროში უკვე დაიბარეს რუსეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ განაცხადა, რომ NATO-ს წევრი ქვეყნის საჰაერო სივრცის უხეში დარღვევა უპასუხოდ არ უნდა დარჩეს. მან ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებს რუსეთზე ეკონომიკური და პოლიტიკური ზეწოლის გაზრდისკენ მოუწოდა. მომხდარს გამოეხმაურნენ ორივე გაერთიანებაში. დაგმეს MIG-31-ების მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის გადაკვეთა და კრემლის ამ ნაბიჯს საშიში პროვოკაცია უწოდეს.




























