მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ე.წ. რეფორმა სისტემურ რისკებს ქმნის და ეს შეფასება საერთაშორისო დონეზეც დადასტურდა" - განათლების პოლიტიკის მკვლევარი

ვანო გომურაშვილი

"უმაღლესი განათლების ე.წ. რეფორმა სისტემურ რისკებს ქმნის და დღეს ეს შეფასება უკვე საერთაშორისო დონეზეც დადასტურდა", - ამის შესახებ bm.ge-სთან ინტერვიუში განათლების პოლიტიკის მკვლევარმა ვანო გომურაშვილმა განაცხადა. ის გამოეხმაურა ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის საბჭოს განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ განათლების რეფორმამ შესაძლოა, ევროპულ ასპარეზზე იზოლაცია გამოიწვიოს.

“დავიწყოთ იქიდან, რომ ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაცია (EUA) არის ავტორიტეტული ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ევროპულ უნივერსიტეტებს და აფასებს უმაღლესი განათლების პოლიტიკას. ამ ორგანიზაციის მმართველმა საბჭომ გამოაქვეყნა შეფასება, რომელიც ერთ-ერთში იმეორებს იმ ძირითად პრობლემებს, რასაც ჩვენ ამ ე.წ რეფორმის ფარგლებში ვასახელებდით.

"რეფორმა" სისტემურ რისკებს ქმნის და დღეს ეს შეფასება უკვე საერთაშორისო დონეზეც დადასტურდა. ასოციაცია პირდაპირ მიუთითებს, რომ ცვლილებები ასუსტებს უნივერსიტეტების ავტონომიას, ზღუდავს აკადემიურ მრავალფეროვნებას და აჩენს განათლების სისტემის ევროპული სივრციდან იზოლაციის საფრთხეს. მთავარი ხარვეზია ზედმეტი ცენტრალიზაცია, „რაციონალიზაციის“ სახელით ინსტიტუციური დასუსტება და ისიც, რომ რეფორმა არ არის ინკლუზიური, გამჭვირვალე და მტკიცებულებებზე დაფუძნებული.

ასეთი ტიპის რეფორმა არა მხოლოდ აკადემიურ ხარისხს აზარალებს, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში ამცირებს განათლების სისტემის კონკურენტუნარიანობას და ეჭვქვეშ აყენებს ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას, რადგან უნივერსიტეტების დამოუკიდებლობა და მრავალფეროვნება სწორედ იმ ღირებულებებს წარმოადგენს, რაზეც ევროპული საგანმანათლებლო სივრცეა აგებული. შესაბამისად, საერთაშორისო აკადემიური სივრცეც ადასტურებს, რომ ე.წ რეფორმის არჩეული მიმართულება სერიოზულ გამოწვევებს ქმნის", - აღნიშნა bm.ge-სთან ინტერვიუში განათლების პოლიტიკის მკვლევარმა ვანო გომურაშვილმა.

განათლების რეფორმამ შესაძლოა, ევროპულ ასპარეზზე იზოლაცია გამოიწვიოს - ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია

ცნობისთვის, ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) საბჭო შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს მთავრობის მიერ დაწყებულ უმაღლესი განათლების რეფორმებთან დაკავშირებით. ამასთან, EUA გამოხატავს მზადყოფნას, ჩაერთოს დიალოგში ხელისუფლებასთან და უმაღლესი განათლების საზოგადოებასთან ექსპერტიზის გაზიარებით, როგორც ეს არაერთხელ გაუკეთებია ევროპის მასშტაბით სხვადასხვა ქვეყანაში უმაღლესი განათლების რეფორმების პროცესში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები