ევროკავშირმა ჩინეთიდან ბიოდიზელის იმპორტზე დროებითი ანტიდემპინგური გადასახადი შემოიღო. როგორც ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში 14 აგვისტოს გამოქვეყნებულ დოკუმენტში წერია გადასახადი 6 თვით არის ძალაში და ის მწარმოებლების მიხედვით, 12,8%-დან 36,4%-მდე მერყეობს.
გადაწყვეტილება ევროკომისიის მიერ, ბიოსაწვავის ევროპელი მწარმოებლების საჩივრების საფუძველზე, ჩატარებულ გამოძიებასთან დაკავშირებით იქნა მიღებული.
ევროპის ტრანსპორტისა და გარემოს დაცვის ფედერაცია მიიჩნევს, რომ ეს აუცილებელი ნაბიჯია ევროპული ბაზრის დასაცავად, თუმცა, ექსპერტები შეშფოთებულნი არიან, რომ ეს ზომები არ გადაჭრის პალმის ზეთის უკანონო გამოყენების პრობლემას, რომელიც შესაძლოა შენიღბული იყოს ბიოდიზელში.
ფედერაციის წარმომადგენელი თვლის, რომ „ევროკავშირმა უნდა შეწყვიტოს შეუმოწმებელი იმპორტირებული მეორადი ზეთების პოპულარიზაცია და გადავიდეს ინდუსტრიის ინსპექტირების სისტემიდან უფრო მკაცრ რეგულაციაზე“.
ამჟამად, ევროკავშირი ახორციელებს გადამუშავებული საკვები ზეთით მიღებულ ბიოსაწვავის 80%-ზე მეტის იმპორტს, ამ იმპორტის 60% ჩინეთზე მოდის.