რუსეთ-უკრაინის ომისა და დასავლეთის მიერ რუსული იმპორტის აკრძალვის შესაძლებლობის ფონზე, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასები მკვეთრად იზრდება. დღეს ბარელი Brent-ის ფასმა 130.7 დოლარს გადააჭარბა, Crude-ის ღირებულება კი 126 დოლარს აღწევს, რაც 2008 წლის შემდეგ ბაზარზე ნავთობის ფასების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
გასულ 24 საათში ნავთობის თითქმის 10%-ით გაძვირების მთავარი მიზეზი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაა, რომელმაც აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის და შეზღუდვის შესაძლებლობას განიხილავენ.
“ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად კოორდინირებულად განვიხილავთ რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის შესაძლებლობებს“. - თქვა ბლინკენმა.
ექსპერტების შეფასებით, საერთაშორისო ენერგეტიკული ბაზრიდან რუსეთის ფედერაციის იზოლირება ნავთობის ბაზარზე მიწოდების ჯაჭვის პრობლემას და დეფიციტს გამოიწვევს, რადგან რუსეთი ევროპის უდიდესი ენერგომომმარაგებელია.
საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის გაძვირება, სავარაუდოდ, საქართველოში საწვავის ფასების ზრდასაც გამოიწვევს, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ნავთობის ფასების ცვლილება ქართულ ბაზარზე მყისიერად არ აისახება და ამისთვის გარკვეული დროა საჭირო.




























