მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"EU განაგრძობს საქართველოში მოვლენების განვითარებაზე დაკვირვებას" - ვერა იუროვა

ევროკომისია

ევროპული კომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ვერა იუროვა აცხადებს, რომ ევროკავშირი საქართველოში მოვლენების განვითარებას აკვირდება და მზად არის, ხელი შეუწყოს ქვეყანაში ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აუცილებელი რეფორმების გატარებას, - ამის შესახებ იუროვამ ევროპარლამენტში გამართულ სხდომაზე ისაუბრა, სადაც ევროპარლამენტარებმა საქართველოში პოლიტიკური პლურალიზმის შენარჩუნებასა და დემოკრატიის უკუსვლაზე ისაუბრეს.

"საქართველოს მომავალი, მათ შორის მისი ევროპული გზა, სრულად მოქალაქეებისა და პოლიტიკური ლიდერების ხელშია. საპარლამენტო არჩევნების წინ მნიშვნელოვანია, პოლიტიკურმა ლიდერებმა შეამცირონ პოლარიზაცია და მოქალაქეებთან პოზიტიური კავშირი შეინარჩუნონ. არჩევნები მშვიდობიან და ინკლუზიურ გარემოში უნდა ჩატარდეს.

ევროკავშირი განაგრძობს საქართველოში მოვლენების განვითარებაზე დაკვირვებას. EU-ში გაწევრიანების პროგრესი დამოკიდებულია დემოკრატიულ და მდგრად რეფორმებზე, რომლებიც თანხვედრაშია ევროკავშირის გაფართოების პრინციპებთან. პოლიტიკური მრავალფეროვნების, ადამიანის უფლებების, ცოცხალი სამოქალაქო საზოგადოების, თავისუფალი მედიის შენარჩუნება ასევე მნიშვნელოვანია გაფართოების პროცესში", - ამბობს ვერა იუროვა.

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღიაა, თუმცა ბლოკი დაგმობს ნებისმიერ ქმედებას, რომელიც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას შეუშლის ხელს.

"ევროკავშირს კარი რჩება ღია და მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ქვეყანას და რეფორმებში ჩადებულ ძალისხმევას, მაგრამ ღიად უარვყოფთ ნებისმიერ ქმედებას, რომელიც ძირს გამოუთხრის დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს და კანონის უზენაესობას - ეს ყველაფერი ქართველი ხალხის სასიკეთოდ კეთდება", - განაცხადა ვერა იუროვამ.

ვიცე-პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობასაც და განაცხადა, რომ საქართველოში მმართველი პარტიის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია და ანტიდასავლური რიტორიკა ვნებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ავსებულ კავშირს, რაც ბლოკის მხრიდან საპასუხო ნაბიჯებითაც გამოიხატა.

"მადლობას ვუხდი ევროპარლამენტარებს, რომლებიც ხმამაღლა საუბრობდნენ საქართველოში მიმდინარე სიტუაციაზე და ევროკავშირისგან საქართველოს მთავრობის უპრეცედენტო, ანტიდემოკრატიულ ქმედებებსა და რიტორიკაზე საპასუხო ნაბიჯებს ითხოვდნენ. ევროკავშირმა საქართველოს შესაბამისი ზომებით უპასუხა: საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია, შემცირდა პოლიტიკური კონტაქტებიც, 30-მილიონიანი დახმარება დაპაუზებულია და მხარდაჭერის პორტფელის გადახედვა მიმდინარეობს. ჩვენ მუდმივად მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეცვალონ აღებული გეზი, და ვზრდით კომუნიკაციას საქართველოს მოქალაქეებთან.

(მიღებული ზომების უკან გაწვევისთვის) საქართველოს მთავრობამ, პირველ რიგში, უკან უნდა გაიწვიოს კანონები, რომლებიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ გაცხადებულ მიზნებს ეწინააღმდეგება. კანონები, რომლებიც ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებას ზღუდავენ. მეორე მხრივ, ჩვენ გვესმის ანტი-EU რიტორიკა, რომელსაც მმართველი პარტიის წარმომადგენლები, მათ შორის პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის წევრები ავრცელებენ, თითქოს ევროკავშირს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა ან ქვეყნის უკრაინიზაცია სურს - ეს მიუღებელია, ტყუილია და ვნებს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს. ეს ნარატივი მხოლოდ რუსეთსა და მის პროპაგანდას ემსახურება. ევროკავშირი განაგრძობს დეზინფორმაციის გამოვლენას", - განაცხადა ვერა იუროვამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები