საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი და ევროკომისია საქართველოს პარლამენტის მიერ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის სამი მოსმენით მიღებას ეხმიანება. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს განცხადებით, საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ცხრა ნაბიჯის შესრულების დათქმით მისცა, რომლებიც, მათ შორის, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას, მედიასაშუალებების თავისუფლებას და დეპოლარიზაციას გულისხმობს.
“ევროკავშირი ქართველი ხალხისა და მათი არჩევანის გვერდით დგას, მხარი დაუჭირონ დემოკრატიას და საქართველოს ევროპულ მომავალს. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ლიდერების, ჟურნალისტებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ მუქარა, დაშინება და ფიზიკური დაპირისპირება - მიუღებელია. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას გამოიძიოს ეს აღბეჭდილი შემთხვევები.
ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი იმ დათქმით მიანიჭა, რომ შესრულებული იქნება ის ცხრა დათქმა, რომლებიც ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციაში გაიწერა. ეს ნაბიჯები მოითხოვს, როგორც ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო საზოგადოების დაცვას, ასევე მედიასაშუალებებისთვის თავისუფალი მუშაობის უზრუნველყოფა. ეს ნაბიჯები დეპოლარიზაციისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის აუცილებლობასაც მოიაზრებს.
თუმცა ამ ყველაფრის და მათ შორის მასშტაბური პროტესტებისა და საერთაშორისო საზოგადოების მკაფიო გზავნილების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებაში მყოფმა მმართველმა პარტიამ, პარლამენტის მესამე მოსმენით “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი დაამტკიცა. ევროკავშირმა არაერთხელ ნათლად განაცხადა, რომ ამ კანონის სულისკვეთება და შინაარსი არ არის თანხვედრაში ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან. [ეს კანონი] ძირს გამოუთხრის სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიასაშუალებების მუშაობას, არადა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება - ის ფუნდამენტური უფლებებაა, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში და ევროკავშირში გაწევრიანების ნებისმიერ გზაზე საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების ნაწილია.
აღნიშნული კანონის მიღება უარყოფით გავლენას მოახდენს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროგრესზე. სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით არჩევანი - საქართველოს ხელშია. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გაიწვიოს ეს კანონი, დაადასტუროს ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართ საკუთარი მიზანსწრაფულობა და გაატაროს შესაბამისი რეფორმები, რომლებიც ცხრა ნაბიჯში არის გაწერილი.
ევროკავშირი მზადაა, საქართველოს ევროპულ მომავალში დაინტერესებულ ქართველებს მხარი მომავალშიც დაუჭიროს”, - ვკითხულობთ ჟოზეპ ბორელისა და ევროკომისიის ერთობლივ განცხადებაში.