ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა. სანქციების მე-14 პაკეტში პირველად მოხვდა რუსული თხევადი ბუნებრივი აირი (LNG), რომლის ყიდვასაც ევროკავშირის რამდენიმე წევრი კვლავ აგრძელებს და პროდუქტის ნაწილი, ევროკავშირის გავლით, ისეთ ქვეყნებში ხვდება, როგორებიცაა ჩინეთი, ინდოეთი და თურქეთი. შეზღუდვის თანახმად, ევროკავშირის კომპანიებს კვლავ ექნებათ უფლება შეიძინონ რუსული LNG, მაგრამ ეკრძალებათ მისი რეექსპორტზე გატანა. ამას გარდა, რუსეთში ახალი LNG პროექტებისთვის ინვესტიციების, სერვისისა და საქონლის მიწოდება იკრძალება.
წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ უფრო მკაცრ ზომებზე, რათა თავიდან აიცილონ სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობები და დახურონ ის ხვრელები, რომლებიც აქამდე მიღებულ სანქციების 13 პაკეტში იყო.
სანქციები ვრცელდება ათეულობით გემზე, მცირე ზომის ტანკერებზე, რომლებიც რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილია და გამოიყენებოდა ნავთობის ფასის ზღვარზე და სხვა სავაჭრო შეზღუდვებზე გვერდის ასავლელად.
ახალი სანქციებით, რუსეთის ფარგლებს გარეთ მოქმედ ევროკავშირის ფირმებს აეკრძალათ Swift-ის რუსულ ანალოგ SPFS სისტემასთან პირდაპირ დაკავშირება და ტრანზაქციებს საჯარო კომპანიებთან, რომლებიც ამ სისტემას სანქციების გვერდის ასავლელად იყენებენ.
პოლიტიკურ პარტიებს, მესამე სექტორის ორგანიზაციებს და მედიას რუსული წყაროებიდან დაფინანსების მიღება ეზღუდებათ.
ახალი პაკეტი ითვალისწინებს ჰელიუმის იმპორტის შეზღუდვას და დამატებით შეზღუდვებს ისეთი ქიმიკატებისა და ელექტრონიკის ექსპორტზე, რაც შესაძლოა რუსეთმა სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენოს.
შემდეგი ეტაპი სანქციების ოფიციალურად მიღებაა და ოფიციალურად ამოქმედებამდე შესაძლოა, მასში გარკვეული ცვლილებები შევიდეს. აღსანიშნავია, რომ სანქციებზე შეთანხმებას წინ გაჭიანურებული მოლაპარაკებები უძღოდა. წევრი ქვეყნების ელჩები კვირების განმავლობაში ათანხმებდნენ ტექნიკურ დეტალებს და დამტკიცება რამდენჯერმე გადაიდო, ვინაიდან რამდენიმე ქვეყანა გარკვეულ დათქმებს აყენებდა, ასეთი იყო მაგალითად უნგრეთი, რომელიც აცხადებდა, რომ დაბლოკავდა ენერგოსექტორისკენ მიმართულ სანქციებს.