ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატები დღეს საგანგებო შეხვედრას გამართავენ. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რამდენიმე ევროპულ ქვეყანას ახალი ტარიფები დაუწესა. ვაშინგტონის ამ გადაწყვეტილების მიზეზი ხსენებული სახელმწიფოების პოზიციაა, რომლებიც გრენლანდიაზე ამერიკული კონტროლის დამყარებას ეწინააღმდეგებიან.
სოციალურ ქსელ Truth Social-ში გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპმა აღნიშნა, რომ 1-ელი თებერვლიდან 10%-იანი ტარიფები შევა ძალაში დანიის, ნორვეგიის, შვედეთის, საფრანგეთის, გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს, ნიდერლანდებისა და ფინეთის წინააღმდეგ.
აშშ-ის პრეზიდენტის განმარტებით, 1-ელი ივნისიდან აღნიშნული ტარიფები 25%-მდე გაიზრდება და ძალაში დარჩება მანამ, სანამ „არ მიიღწევა შეთანხმება აშშ-ის მიერ გრენლანდიის სრული და მთლიანი შესყიდვის შესახებ“.
ევროკავშირის ოფიციალურ პირებს შორის შეხვედრა კვირას, ადგილობრივი დროით 17:00 საათზეა ჩანიშნული.
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამ უკვე გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ მსგავსი ტარიფები ძირს უთხრის ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს და ქმნის „საშიში დაღმავალი სპირალის“ რისკს.




























