ირაკლი კობახიძის განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის დაბარება სრულიად მიზანშეწონილია. ჟურნალისტებთან საუბრისას კობახიძემ ელჩის ბოლოდროინდელ განცხადებებს მუქარა უწოდა.
მისი შეფასებით, ევროკავშირის ელჩი ტრაგიკულ მდგომარეობაშია, რადგან მას მსგავსი შინაარსის განცხადებების გაკეთება უწევს. კობახიძე ამტკიცებს, რომ პაველ ჰერჩინსკი საქართველოს მოქალაქეებს სამოქალაქო ომითა და გაღარიბებით დაემუქრა.
„მან თქვა, რომ უახლოეს მომავალში გადაწყდება, როგორ განვითარდება ქვეყანაში მოვლენები, ან განვითარდება ერთი მიმართულებით, ან მეორე მიმართულებით. ეს მეორე მიმართულება მისი შეხედულებით არის სამოქალაქო ომი და მოსახლეობის გაღარიბება. როდესაც ასე ემუქრება ევროკავშირის ელჩი ხალხს, ეს უბრალოდ შეფასებასაც კი არ იმსახურებს, ეს მართლა ტრაგიკულია.
ელჩი ამბობს, რომ უახლოეს მომავალში გადაწყდება ან ერთი და ამას უწოდებს ევროკავშირის გზას, ან მეორე - სამოქალაქო ომი და გაღარიბება. ამით ემუქრება ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს. მას რომ არ შეუძლია, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით. ეს არის მისი პირდაპირი მუქარა. რა თქმა უნდა, ამისთვის ელჩის დაბარება არის მიზანშეწონილი საგარეო საქმეთა სამინისტროში.
სხვა განცხადებებით ამ უმძიმეს განცხადებას ვერ გადაფარავთ, რომელიც არის პირდაპირი მუქარა ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ქართველი ხალხის მიმართ, მუქარა სამოქალაქო ომით და გაღარიბებით. ეს არის უბრალოდ სამარცხვინო. ეს არის უმარტივესი ლოგიკური განმარტება, როდესაც ასე აყენებ საკითხს, რომ უახლოეს მომავალშ გადაწყდება ქვეყნის ბედი ან ერთი მიმართულებით ან მეორე მიმართულებით, რაც არის სამოქალაქო ომი და გაღარიბება, ჯერ ჩაეკითხეთ როგორ უნდა მივიდეს ქვეყანა აქამდე. ჰერჩინსკის როგორ მიყავს ქვეყანა აქამდე. ერთხელ ხომ სცადა, ორჯერ ხომ სცადა, ხუთჯერ ხომ სცადა. ჩვენ ქვეყანაში გამოვიარეთ რევოლუციის მოწყობის 5 მცდელობა 4 წლის განმავლობაში. ბატონი ელჩი გამოდიოდა საპარლამენტო არჩევნების წინ და ქართველ ხალხს მოუწოდებდა „ნაცების“ დაბრუნებისკენ. პირდაპირ მოუწოდა მობილიზდითო, გაუშვით ეს ხელისუფლება და მოაბრუნეთ ხელისუფლებაში „ნაცებიო“. პირდაპირ მოუწოდებდა ამისკენ ქართველ ხალხს. ქართველ ხალხს ის პირდაპირ, თავისი მოწოდებით აბრუნებდა სისხლიან, სწორედ რომ ბნელ 9-წლიან წარსულში. ეს არის ელჩის სულისკვეთება. ეს არის ტრაგიკული, როდესაც ევროკავშირის ელჩი გამოდის ამით და ამას უმატებს იმას, რომ ქართველ ხალხს პირდაპირ ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით“, - განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში ისაუბრა იმის შესახებ, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ, "საქართველო სწორ ტრაექტორიაზე აღარ იმყოფება," რადგან "ხელისუფლებამ ალტერნატიული, ავტორიტარიზმის მოდელი აირჩია და საქართველოს ევროკავშირს აშორებს."




























