ევროკავშირის ლიდერები 17 ივნისის ღამეს ევროპული კომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე ურსულა ფონ დერ ლაიენის მეორე ვადით არჩევაზე ვერ შეთანხმდნენ, მიუხედავად საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის მხარდაჭერისა - ამის შესახებ გავლენიანი ამერიკული გამოცემა POLITICO 3 ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით იტყობინება.
EU-ს ლიდერთა შეხვედრების შედეგად შეთანხმებას რომ ვერ მიაღწიეს, ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა მედიას შეხვედრის შემდეგაც განუცხადა.
ანონიმური წყაროს ინფორმაციით, მოლაპარაკებებში ჩართული მხარეები სამ კანდიდატზე შეთანხმდნენ, თუმცა დისკუსია მოგვიანებით, სავარაუდოდ, ლიდერთა მომდევნო შეხვედრაზე, 27-28 ივნისს გაგრძელდება.
POLITICO თავის სტატიაში აღნიშნავს, რომ ევროპული პარლამენტის საარჩევნო პერიოდის საწყის ეტაპზე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ერთგვარი კონსენსუსი შედგა ფონ დერ ლაიენის, როგორც ევროპული კომისიის პრეზიდენტობის, ანტონიო კოსტას, როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტობისა, რობერტა მეცოლას, როგორც ევროპული პარლამენტის თავმჯდომარის და კაჯა კალასის, როგორც საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის თანამდებობებზე. თუმცა ლიდერებს შორის სწრაფი შეთანხმება გაჭიანურდა მას შემდეგ, რაც “ევროპის სახალხო პარტიამ” (EPP) EU-ს უწყებათა TOP პოზიციებისთვის მეტი ძალაუფლება მოითხოვა - აღსანიშნავია, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენი და რობერტა მეცოლა სწორედ ამ პოლიტიკური გაერთიანების წევრები არიან.
EPP მანდატების 2.5-წლიანი ვადით გადანაწილებასაც უჭერს მხარს, რასაც, თავის მხრივ, სოციალ-დემოკრატები ეწინააღმდეგებიან - სწორედ ეს დაპირისპირება აფერხებს მოლაპარაკებებს.
ევროპარლამენტში ევროპული კომისიის საპრეზიდენტო არჩევნები ივლისის თვეშია დაგეგმილი - მანამდე ევროკავშირის წევრმა 27-მა ქვეყანამ ბლოკის წამყვან პოზიციებზე წარსადგენად კანდიდატთა კონსენსუსს უნდა მიაღწიონ.