მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

EU-ს მიერ მომზადებულ დოკუმენტში მოთხოვნილია რუსული ჯარების გაყვანა, მათ შორის, საქართველოდან

კაია კალასი

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება (RFE/RL) წერს, რომ ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა კაია კალასმა წევრ ქვეყნებს გააცნო დოკუმენტი, სადაც ჩამოთვლილია ის დათმობები, რაზეც რუსეთი უნდა წავიდეს უკრაინასთან მიმდინარე მოლაპარაკებებში.

RFE/RL-ის ცნობით, დოკუმენტში ასევე მოთხოვნილია რუსული ჯარების გაყვანა მეზობელი ქვეყნებიდან, მათ შორის, საქართველოდან. კერძოდ, ულტიმატუმი ეხება ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსების აკრძალვასა და რუსი სამხედროების ყოფნას ბელარუსში, უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და სომხეთში. რუსული ჯარები ათწლეულების განმავლობაში არიან განლაგებულნი რუსეთის მიერ კონტროლირებად სეპარატისტულ რეგიონებში აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთსა და დნესტრისპირეთში, ისევე როგორც სომხეთსა და ბელარუსში არსებულ სამხედრო ბაზებზე.

თითქმის ერთი წელია რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებები აშშ შუამავლობით მიმდინარეობს, თუმცა მასში ბრიუსელი რაიმე ფორმით ჩართული არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ევროკავშირი უკრაინის დახმარების დიდ ნაწილს აფინანსებს.

გამოცემის ინფორმაციით, რუსეთისთვის წაყენებული მოთხოვნები მოიცავს ჯარების შემცირებას, რეპარაციების გადახდას და რუსეთის სხვადასხვა მხრიდან საერთაშორისო ვალდებულების შესრულებას.

დოკუმენტი 23 თებერვალს ბრიუსელი დაგეგმილ საგარეო მინისტრების შეხვედრაზე უნდა განიხილონ. გამოცემის ცნობითვე, ევროკავშირი ასევე განიხილავს რუსეთის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის პოზიციის შექმნას, თუმცა ამ ეტაპზე არც კონკრეტული კანდიდატია შერჩეული და ისიც უცნობია რა იქნება მისი მანდატი.

RFE/RL-ის თანახმად, დოკუმენტი მოიცავს ისეთ პირობებს როგორიც არის მაგალითად უკრაინისთვის ჯარზე გარკვეული ზღვრის დაწესებას და პირობას გაიყვანოს ისინი ზოგიერთი რეგიონიდან. მსგავს მოთხოვნას ევროკავშირი რუსეთსაც უყენებს. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების "დე იურე" აღიარება არ უნდა მოხდეს და მხოლოდ მათი დემილიტარიზაცია უნდა განიხილებოდეს.

ევროკავშირი ასევე მოითხოვს რუსეთმა შეწყვიტოს საჰაერო სივრცის დარღვევა ევროკავშირის ტერიტორიაზე და შეწყვიტოს დეზინფორმაციული კამპანიები, საბოტაჟი, კიბერშეტევა, არჩევნებში ჩარევა და სხვა დამაზიანებელი ქმედებები.

ევროკავშირი ასევე ითხოვს, რომ ომის დანაშაულების ამნისტია არ მოხდეს და საერთაშორისო გამოძიება ჩატარდეს მსგავსი დანაშაულების სავარაუდო ადგილებზე.

რეპარაციების ნაწილში აღნიშნულია, რომ რუსეთმა უნდა აანაზღაუროს მიყენებული ზიანი და წვლილი შეიტანოს უკრაინის აღდგენაში, ასევე კომპენსაცია გადაუხადოს ევროპულ სახელმწიფოებსა და კომპანიებს მათთვის მიყენებული ზარალისა და ეკოლოგიური ზიანისთვის.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირს გაყინული აქვს რუსეთის სუვერენული აქტივების ნაწილი, დაახლოებით 210 მილიარდი ევროს ოდენობით, თუმცა ამ დრომდე ვერ ხერხდება შეთანხმება მათი კონფისკაციის ან ამ სახსრების უკრაინისთვის გადაცემაზე.

ბოლო მოთხოვნა რუსეთის შიდა ვითარებას ეხება და ევროპა მოწოდებით გამოდის თავისუფალი და დამოუკიდებელი არჩევნების ჩატარებაზე, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და სხვა დემოკრატიულ ქმედებების განხორციელებაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები