ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას თქმით, საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის გამო ესტონეთის მთავრობა ევროკავშირს მოუწოდებს, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პროცესი დაიწყოს. ამის შესახებ ცაჰკნამ ბრიუსელში, NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე საქართველოს შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
"ესტონეთმა ათობით ადამიანს პერსონალური სანქციები დაუწესა, მათ შორისაა [ბიძინა] ივანიშვილი და პრემიერ-მინისტრი. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ევროკავშირს, დაიწყოს ვიზალიბერალიზაციის გაუქმების პროცესი... ეს საკითხი განხილვის საგანია, ამისთვის 15 წევრი სახელმწიფოა საჭირო, რათა ვუთხრათ რეჟიმს, თავისი ქცევა შეცვალოს", - განაცხადა მარგუს ცაჰკნამ.
ესტონეთმა გასული წლის 2 დეკემბერს, ლიეტუვასთან და ლატვიასთან ერთად, ბიძინა ივანიშვილსა და შსს-ს 10 მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა. 15 დეკემბერს კი დამატებითი სანქციები გავრცელდა კიდევ 14 ადამიანზე, მათ შორის ირაკლი კობახიძეზე.