Bloomberg-ი წერს, რომ აშშ-ის ულტიმატუმის შემდეგ, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მე-19 პაკეტის გამოცხადებას გადადებს.
გამოცემის ინფორმაციით, ევროკომისიას სანქციების ჯერჯერობით ბოლო მე-19 პაკეტი 17 სექტემბერს უნდა წარედგინა, კვირის ბოლოს კი აშშ-მა ევროპელ მოკავშირეებზე ზეწოლა გაზარდა და ამჯერად დონალდ ტრამპი ევროკავშირისგან ითხოვს ჩინეთსა და ინდოეთს, რომლებიც რუსული ნავთობის მთავარი იმპორტიორები არიან, 100%-იანი ტარიფები დაუწესონ და რუსეთისგან საწვავის ყიდვა შეწყვიტონ. ეს საკმაოდ რთული საკითხებია ევროპისთვის, რომლისთვისაც ჩინეთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია, ხოლო რუსულ ნავთობს ზოგიერთი ქვეყანა, მათ შორის სლოვაკეთი და უნგრეთი კვლავ მოიხმარენ. ტრამპის ადმინისტრაციაში მიაჩნიათ, რომ სწორედ ასეთი ზომები მიიყვანს ვლადიმერ პუტინს მოლაპარაკების მაგიდასთან. კერძოდ, True Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აშშ-ის პრეზიდენტი წერს, რომ რუსეთის წინააღმდეგ "მნიშვნელოვანი" სანქციებისთვის მზად არის თუ ევროპული ქვეყნები ამ პირობებს შეასრულებენ.
ევროკავშირთან ერთად, აშშ-ი იგივე ზომების გატარებას მოითხოვს დიდი შვიდეულისგანაც (G7), რომელიც როგორც Bloomberg-ი წერს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე მუშაობს და კვირებში გამოაცხადებს. გამოცემის თანახმად, ევროკავშირის უახლესი სანქციები თანხვედრაში იქნება დიდი შვიდეულის სანქციებთან. თავად ევროკავშირი იმ ჩინური და ინდური კომპანიების წინააღმდეგ განიხილავს სანქციებს, რომლებიც რუსული ნავთობით ვაჭრობაში არიან ჩართულნი. ჩინეთსა და ინდოეთში ნავთობის ექსპორტი სანქცირებული რუსეთისთვის კრიტიკული მნიშვნელობისაა, რადგან კრემლის შემოსავლის ერთ-ერთი ძირითადი წყარო ენერგორესურსებია, რომლითაც შემდეგ უკრაინაში ომს აფინანსებს. Bloomberg-ის თანახმად, ევროკავშირის სანქციების მე-19 პაკეტი გულისხმობს რამდენიმე რუსული ბანკისა და ენერგოკომპანიის სანქცირებას და რუსული ნავთობით ვაჭრობის დამატებით შეზღუდვას, რადგან ზღვით გადაზიდული რუსული ნავთობის იმპორტი ევროკავშირმა უკვე აკრძალა.




























