მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-ში აცნობიერებენ, რომ საქართველოსთვის სტატუსის არმიცემა იქნება რუსეთის ერთგვარი გამარჯვება - პრეზიდენტი

64a02babbf161
ინგა მურუსიძე
01.07.23 17:43
608
"კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკავშირს ერთადერთი გზავნილი აქვს - მოგვეცით პოზიტიური სიგნალები" - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან გამართულ პრესკონფერენციაზე შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ევროკავშირის გზავნილია - მოგვეცით ერთი პოზიტიური სიგნალი მაინც. ამ წლის ბოლომდე ყველაფერი ღიაა რეალურად, ჩვენ ვგრძნობთ, რომ ევროკავშირში რეალურად გათვითცნობიერებულია ის აზრი, რომ არ შეიძლება რუსეთს მისცე ხელში რომელიმე ფორმის გამარჯვება და ეს ერთგვარად იქნება გამარჯვება, თუ საქართველოს არ მიეცემა [სტატუსი]. მგონია, რომ ეს გაცნობიერებული აქვთ. ევროკავშირი გვეუბნება - პოზიტიური სიგნალი მომეცით იმისთვის, რომ მე ეს გავაკეთო და არა ისეთი ცუდი სიგნალები, როგორიც არის "რუსული კანონი", ცესკოს კანონი, მოსმენების კანონი და ა.შ. ანუ გვეუბნებიან, რომ არ მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომელიც მათთვის იქნება კონტრსიგნალი.

ამაში არის ჩემი როლიც, ყველა ნეგატიურ ნაბიჯს ვერ ვაჩერებ, რადგან პარლამენტში აქვთ ხმები, რომ დაძლიონ ვეტო, მაგრამ აქ შემომაქვს პრინციპები, რომელსაც ელოდება ჩვენგან ევროპა. აქ ხალხის როლი არის უზარმაზარი. მე არც დამჭირდა იმ [ე.წ. რუსულ] კანონზე ვეტოს ბოლომდე მიყვანა, რადგან ხალხმა თქვა თავისი სათქმელი და გაიმარჯვა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ბიძინა ივანიშვილის ჭარბ გავლენას პოლიტიკაზე განიხილავს თუ არა პრეზიდენტი შემაფერხებელ ფაქტორად ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, სალომე ზურაბიშვილი პასუხობს, რომ "ეს არც იცის და მნიშვნელობაც არ აქვს".

„ბევრი [შემაფერხებელი] ფაქტორია, მაგრამ არ მგონია ეს [ივანიშვილის] ფაქტორი უფრო მეტად[შემაფერხებელი] იყოს, ვიდრე მიღებული კანონები. მე არ ვიცი, რა წილით არის ის გადამწყვეტი და არის თუ არა საერთოდ, მაგრამ ამას აღარ აქვს მნიშვნელობა. მნიშნელოვანია ის, რომ მთავარი ბალანსი ამ ერთპიროვნულ თუ ერთი ჯგუფის გავლენის, თუ პარტიის ლიდერის, რომელიც ალთას ლაპარაკობს და მთავრობის მეთაური - ბალთას - ამას ნაკლები მნიშვნელობა აქვს, მთავარია, რომ ინსტიტუტების გაძლიერება ხდებოდეს. ეს არის მთავარი. ინსტიტუტების გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საერთო ბრძოლა. ჩემი როლი არის ინსტიტუტების დაცვა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

აქვე, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსის არ მოცემა საქართველოსთვის საწყენი იყო, თუმცა ქვეყანამ ეს გაფრთხილებად უნდა მიიღოს.

„არ მიმაჩნია, რომ სტატუსის არ მოცემა, შეცდომა იყო. ძალიან მეწყინა მეც როგორც მოქალაქეს, მაგრამ ეს იყო გაფრთხილება, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, თუმცა რადგან გაჩნდა ეს გაფრთხილება. მთელი ეს პერიოდი, რაც დაიწყო ომი, რუსეთი ყველაფერში ცდება, ყველაფერი მიდის უკუღმა. ფრენები, სავიზო მიმოსვლის გაუქმება საქართველოსთან - ამ და სხვა ნაბიჯებმა შეაგნებინა ევროკავშირს, რომ რუსეთი ეთამაშება საქართველოს. შეიძლება ჩვენმა მთავრობამ ეს ვერ გაიგო, მაგრამ ევროკავშირმა გაიგო, რომ აქ არის SoftPower თამაში და არ აქვთ უფლება, რომ რუსეთს მისცენ ამხელა გამარჯვება. ამიტომ მგონია, რომ არსებობს რეალური შანსი, თუმცა ჩვენ უნდა მივცეთ ბერკეტები, რომ მათ ეს შეძლონ. ეს დამოკიდებულია მთავრობაზე და არა მხოლოდ, არსებობს სამოქალაქო საზოგადოება, პრეზიდენტი, ხალხი, ყველას გვაქვს სიტყვა იმისთვის, რომ დავარწმუნოთ ევროკავშირი, რომ ეს არის სწორი გადაწყვეტილება“,- თქვა პრეზიდენტმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები