მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-ში ლეგალურ საქმიანობას ხელი ისე უნდა შევუწყოთ, რომ ტვინების გადინებით პრობლემა არ შეიქმნას - დეპუტატი

მაკა ბოჭორიშვილი
28.03.24 15:59
342

"ევროკავშირის შრომის ბაზარზე ინტეგრაცია: შესაძლებლობები და გამოწვევები" - საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა ამ სახელწოდებით 2022 წელს მოამზადა დოკუმენტი, რომელშიც მოცემული რეკომენდაციების შესრულების შესახებ შეფასებები ახლა უნდა გაკეთდეს. დღეს პარლამენტში კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც მაკა ბოჭორიშვილმა აღინიშნა, რომ რეკომენდაციების შესრულების შესახებ მსჯელობა მომდევნო ორი თვის განმავლობაში გაიმართება.

სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღმოსავლეთ პარტნიორობის ეროვნული პლატფორმის წარმომადგენელმა, ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაციის პრეზიდენტმა, კახა ნადირაძემ კომიტეტს მიმართა ინიციატივით, რომ მთავრობამ მეტად მიაქციოს ყურადღება საზღვარგარეთ ლეგალურ დასაქმებას, მათ შორის კვალიფიციური კადრების, რომლებიც შემდეგ სამშობლოში დაბრუნდებიან და საკუთარ ცოდნას სამშობლოს მოახმარენ.

„ძალიან სასიამოვნოა, რომ ხელისუფლება და პარლამენტი დროს უთმობენ სიღრმისეულად დოკუმენტაციის განხილვას, რომელიც ხელს შეუწყობს DCFTA-ის ფარგლებში, შრომითი მიგრაციისა და პროფესიული მიგრაციის საკითხებს. სამწუხაროდ, საქართველოს საფრანგეთის გარდა, ლეგალური მიგრაციის შესახებ რატიფიცირებული შრომითი ხელშეკრულება არ გააჩნია. კარგი იქნება, თუ მეტად გავამახვილებთ ყურადღებას, მაგალითად ისეთ ქვეყნებზე, როგორიცაა შვეიცარია, კანადა, სადაც ჩვენ პროფესიულ კადრებს გავუშვებთ იმისთვის, რომ მოახდინონ თვითრეალიზაცია, პროფესიული განვითარება, მერე დაბრუნდნენ უკან და მოახდინონ ქვეყანაში მათი ინტეგრაცია სხვადასხვა დარგში. ეს გაცილებით წაადგებოდა ჩვენს ინტეგრაციას ევროკავშირის ინსტიტუტებში, კვლევით პროექტებში და ა.შ. მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის მიერ უნდა იყოს ინიცირებული ისეთივე დოკუმენტები, როგორიც არის საფრანგეთის შემთხვევაში, რაც გახდა წარმატებული მოდელი იმისათვის, რომ დღეს ძალიან ბევრ მეცნიერს, პროფესიონალს, ახალგაზრდა დოქტორანტს შეუძლია ცოდნის გაღრმავება და კვალიფიკაციის ამაღლება. ეს იქნებოდა ჩვენი სურვილი და თუ შესაძლებელია ერთობლივადაც ვიმუშაოთ ამ საკითხზე“, - განაცხადა ნადირაძემ.

კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ეს საკითხი ერთ-ერთია იმ მოკვლევისა, რომელიც კომიტეტმა ჩაატარა და წარადგინა განხილვისთვის, რომ სწორი გადაწყვეტილებები იქნას მიღებული:

„რასაც თქვენ ამბობთ, ესეც არის ერთ-ერთი ნაწილი იმ თემატური მოკვლევის, რომელიც ორი წლის წინ გააკეთა ჩვენმა კომიტეტმა და ეს მომართვაც, რაც თქვენ ბრძანეთ, არის რეკომენდაციების ნაწილი. ამ საკითხში არის კომპლექსურობა ერთი მხრივ, რომ სახელმწიფომ ხელი შეუწყოს ლეგალურ შესაძლებლობებს ევროკავშირის ქვეყნებში, თუმცა მეორე მხრივ, ეს პროცესი ისე უნდა წარიმართოს, რომ არ მოხდეს ქვეყნიდან ტვინების იმგვარი გადინება, რომ ჩვენ შეგვექმნას დამატებითი პრობლემები ქვეყანაში. სწორედ ამიტომ არის ეს საკითხი ბევრად კომპლექსური და ცდება ცალკეული პოლიტიკური განცხადებების ჩარჩოებს. ამიტომაც გამოვდივართ ინიციატივას, რომ ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა, საქმიანად და ობიექტურად ჩავერთოთ იმ ობიექტური მოცემულობის გათვალისწინებით, რაც არსებობს ქვეყანაში ჩვენი მოქალაქეებისთვის, რათა საუკეთესო გზა მოვძებნოთ ამ პოლიტიკის სწორი წარმართვისთვის“, - თქვა მაკა ბოჭორიშვილმა.

რეკომენდაციების შესრულების შეფასების პროცესი მოიცავს ინფორმაციის შეგროვებას სახელმწიფო ორგანოებისგან, მათ დამუშავებას, საკომიტეტო მოსმენების ჩატარებას და შეფასების ანგარიშის მომზადებას. აღნიშნულ პროცესს პარლამენტის კომიტეტი განახორციელებს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის “ძლიერი საპარლამენტო ინსტიტუციები საქართველოში“ ხელშეწყობით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები