მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-ში მშპ ერთ მოსახლეზე საქართველოსთან შედარებით 665%-ით მაღალია

6449137a5f321
BM.GE
26.04.23 17:55
2426
ISET-ი საქართველოს ევროკავშირთან ეკონომიკური დაახლოების მნიშვნელობისა და ევროპული ინტეგრაციის სარგებლის შესახებ ახალ ბლოგს აქვეყნებს. საქართველოს კონსტიტუციაის თანახმად, ქვეყნის უმთავრესი სტრატეგიული ამოცანა ევროკავშირის წევრობაა. ამ ამოცანას იზიარებს და გულშემატკივრობს ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვანი უმრავლესობა.

2021 წლის მდგომარეობით, ევროკავშირში მშპ ერთ მოსახლეზე საშუალოდ 38,411 დოლარი იყო, რაც საქართველოში არსებულ 5,023 დოლარზე 665%-ით მეტი იყო.

ევროპული მომავალი და შენი მოსალოდნელი კეთილდღეობა - ISET-ის ბლოგი

სამეცნიერო ლიტერატურა და სტატისტიკა გვთავაზობს, რომ ქვეყნები, რომლებიც ევროგაერთიანების წევრები ხდებიან, მის ძლიერ ეკონომიკურ, მარეგულირებელ და ინსტიტუციურ სისტემაში ინტეგრირების დამსახურებით ეკონომიკურად ძლიერდებიან და ადამიანთა კეთილდღეობა ამ ახალ წევრ ქვეყნებში მნიშვნელოვნად უმჯობესდება. საქართველოს და ევროკავშირის მოსახლეობის კეთილდღეობის სოციალურ-ეკონომიკურ მონაცემებს შორის დღეს დიდი სხვაობაა და ეს მიანიშნებს იმ შესაძლებლობაზე, რომელიც საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირში გაწევრიანების შედეგად გაუჩნდება. ამ მოსაზრებით, საინტერესოა, თუ რა კონკრეტულ ეკონომიკურ თუ სოციალურ სიკეთეებს უნდა ველოდოთ საქართველოს მოქალაქეები ევროპული მომავლისაგან? ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად ჩვენ გავაკეთეთ შემდეგი:

1) შევადარეთ ევროკავშირის (27 ქვეყნის) გარკვეული სოციალურ-ეკონომიკური ინდიკატორები საქართველოს მონაცემებს;

2) გადავხედეთ იმ 10 ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დინამიკას, რომელთაც ევროკავშირის წევრის სტატუსი 2004 წელს მოიპოვეს, რათა დავრწმუნებულიყავით, შეძლეს თუ არა მათ მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესება ევროპაში გაწევრიანების და მაღალი ევროპული სტანდარტების გაზიარების შედეგად. ეს ქვეყნებია: ესტონეთი, კვიპროსი, ლატვია, ლიეტუვა, მალტა, პოლონეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, უნგრეთი და ჩეხეთის რესპუბლიკა. შემდეგ, მათი დინამიკა შევადარეთ საქართველოს მიღწევებს კეთილდღეობის სხვადასხვა ინდიკატორთან მიმართებაში;

3) დაბოლოს, ევროპის 2004 წლის გაფართოების 10 ქვეყნის ტენდენციების მიხედვით მოვახდინეთ მოდელირება, თუ როგორი იქნებოდა დღეს საქართველოს შესაბამისი ინდიკატორები ქვეყანა იმავე ტემპით რომ განვითარებულიყო, როგორც 2004 წლის გაფართოების ქვეყნები.

ქვემოთ გთავაზობთ შესაბამის ანალიზს. უპირველეს ყოვლისა, უდიდესი სხვაობაა ევროკავშირსა და საქართველოში მოსახლეობის სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური ინდიკატორის თვალსაზრისით და ევროკავშირის წევრობა ქვეყანას ამ განსხვავების სწრაფად და ეფექტურად დაძლევის პირობებს შეუქმნის. 2004-2021 წლებისთვის 7 მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური ინდიკატორის ანალიზი გვიჩვენებს, რომ 2004 წლის ევროპის გაფართოების ქვეყნებმა მნიშვნელოვნად და სწრაფად გააუმჯობესეს მოსახლეობის კეთილდღეობა – შეამცირეს უმუშევრობა, შეამცირეს სიღარიბე, გაზარდეს საშუალო პენსია, შეამცირეს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებით გამოწვეული სიკვდილიანობა, შეამცირეს ატმოსფეროში CO2 გამონაბოლქვები, გააუმჯობესეს ჰაერის ხარისხი. საქართველოს პროგრესი მოსახლეობის კეთილდღეობის მოცემული ასპექტების მხრივ მნიშვნელოვნად მცირეა. მოდელირების მიხედვით, იმავე ტემპით განვითარების პირობებში, რაც 2004 წლის გაფართოების ქვეყნებს ევროპის სივრცესთან, სტანდარტებთან, მიღწევებთან ინტეგრირებამ მოუტანა, საქართველოში დღეს შეიძლება ყოფილიყო 1.8-ჯერ ნაკლები უმუშევარი ადამიანი, 3-ჯერ ნაკლები სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები მოქალაქე, შედარებით მაღალი ყოველთვიური პენსია, 2-ჯერ მეტის დახარჯვის შესაძლებლობა ექნებოდათ შინამეურნეობებს დასვენებასა და კულტურაზე, 2-ჯერ ნაკლები ადამიანი დაიღუპებოდა ყოველწლიურად ავტოსატრანსპორტო შემთხვევებში, 2-ჯერ შემცირდებოდა CO2 გამონაბოლქვები ატმოსფეროში, 40%-ით ნაკლები გახდებოდა ჰაერში PM2.5-ის კონცენტრაცია და ნაკლები – ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობა.

1. საქართველოსა და ევროკავშირში მოსახლეობის კეთილდღეობის გამომხატველი სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური ინდიკატორის შედარება

1.1. 2021 წლის მონაცემებით, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი ევროკავშირში დაახლოებით 665%-ით მაღალი იყო, ვიდრე საქართველოში.


წყარო: World Development Indicators, World Bank

1.2. 2019 წლის მონაცემებით, ევროკავშირში დასაქმებულთა საშუალო თვიური შემოსავალი 2734 ევროა და 582%-ით აღემატება საქართველოს საშუალო თვიურ ხელფასს (რომელიც 400 აშშ დოლარს შეადგენს).


წყარო: ILOSTAT

1.3. 2021 წლის მონაცემებით, ევროკავშირში უმუშევრობის დონე საქართველოზე 3-ჯერ დაბალია.


წყარო: World Development Indicators, World Bank, GeoStat;

1.4. 2020 წლის მონაცემებით, საქართველოში იმ ახალგაზრდების წილი, რომლებიც არც სწავლობენ და არც მუშაობენ, ევროკავშირზე 2-ჯერ მაღალია.


წყარო: World Development Indicators, World Bank, GeoStat;

1.5. 2020 წლის მონაცემებით, საშუალო თვიური პენსია ევროკავშირის ქვეყნებში 1201 ევროა და საქართველოში პენსიონერთა პენსიაზე (64 ევრო) თითქმის 18-ჯერ მეტია.


წყარო: EuroStat, GeoStat

1.6. ევროკავშირში საშუალო თვიური ხელფასი განათლებასა და ჯანდაცვის სფეროებში მრავალგზის მაღალია საქართველოში შესაბამის ხელფასზე. კონკრეტულად, ევროსტატისა 2018 წლის და საქსტატის 2021 წლის მონაცემების მიხედვით, განათლებაში ევროკავშირის საშუალო ხელფასი 12-ჯერ უფრო მაღალია, ჯანდაცვაში – 8-ჯერ უფრო მაღალი.


წყარო: EuroStat, GeoStat

1.7. დაბოლოს, 2020 წლის მონაცემებით, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ევროკავშირში 80,5 წლით განისაზღვრება, რაც 8 წლით აღემატება საქართველოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას.



წყარო: World Development Indicators, World Bank

სრულად ბლოგი იხხილეთ ბმულზე:

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები