მაღალი მოთხოვნის გამო ევროკავშირში დიაბეტის წამალ Ozempic-ზე არსებული დეფიციტი, პროგნოზის თანახმად, 2024 წლის ბოლომდე შენარჩუნდება, თუმცა მწარმოებელ Novo Nordisk-ის ინფორმაციით, ბლოკის წევრ ყველა ქვეყანას ეს პრობლემა არ ექნება.
ორშაბათს, 2 სექტემბერს, მედიკამენტების ეროვნულმა სააგენტომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ექიმებს პაციენტებისთვის Ozempic-ისა და Victoza-ს დანიშვნისგან თავშეკავებას ურჩევდნენ, ვიდრე კომპანია მიწოდებას არ დაარეგულირებდა.
Novo Nordisk-მა კი Reuters-თან განაცხადა, რომ ინფორმაცია მედიკამენტების დეფიციტის შესახებ ფარმაცევტულმა კომპანიამ სააგენტოსთან ჯერ კიდევ ზაფხულის დასაწყისში შეათანხმა, რის შემდეგაც სააგენტო ევროკავშირის წევრ თითოეულ ქვეყანას დაუკავშირდა.
ფარმაცევტული კომპანია აქტიურად ცდილობს, დიაბეტის მედიკამენტ Ozempic-სა და Wegovy-ზე, რომლებსაც წონის კლებისთვის იყენებენ, მზარდ მოთხოვნას დაეწიოს და წარმადობა გაზარდოს.
"წყვეტილი დეფიციტები მეოთხე კვარტალშიც გაგრძელდება, თუმცა ჩვენ ჩვენი გლობალური წარმოების ზრდას განვაგრძობთ და ვმუშაობთ დღეში 24 საათი, კვირაში 7 დღე", - განაცხადა Novo-ს წარმომადგენელმა Reuters-თან.
ზოგიერთი პროგნოზით, ჭარბწონიანობის საწინააღმდეგო მედიკამენტების ბაზრის მოცულობა 2030-იანი წლებისთვის $150 მილიარდს მიაღწევს.
კომპანია საოპერაციო ხარჯებისთვის 2024 წელს 45 მილიარდ დანიურ კრონას, ანუ, დაახლოებით $6.7 მილიარდს დახარჯავს.