მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EURO 2024-ზე საქართველო-ჩეხეთის თამაში დღეს გაიმართება - როგორია ქვეყნების ეკონომიკური კავშირი?

ჩეხეთი

EURO 2024-ზე საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები დღეს - 22 ივნისს ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებს შეხვდება. შეხვედრა, რომელიც თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება, ეროვნული ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატზე მეორეა. F ჯგუფში პორტუგალიასა და თურქეთს თანაბარი 3-3 ქულა აქვთ, ხოლო საქართველოსა და ჩეხეთს ჯერჯერობით ნული.

როგორია საქართველო-ჩეხეთის ეკონომიკური კავშირი?

სავაჭრო ბრუნვა

საქართველო- ჩეხეთს შორის სავაჭრო ბრუნვა პანდემიის შემდეგ მზარდი დინამიკით ხასიათდება. 2023 წელს ქვეყნების ექსპორტ-იმპორტმა ჯამში 243 მილიონ 706 ათასი დოლარი შეადგინა, რაც 2022 წელთან შედარებით 37.9%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 2024 წლის პირველ 5 თვეშიც. იანვარ-მაისში ბრუნვის მაჩვენებელი მცირედ - 1.4%-ით, თუმცა მაინც 98 მილიონ 668 ათას დოლარამდე გაიზარდა.

სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტს მცირე ნაწილი უკავია. გასულ წელს ჯამურად ვაჭრობაში ექსპორტი მხოლოდ 22 მილიონ 629 ათასი დოლარი იყო, რაც წლიურად 55%-იანი ზრდაა. გასული წლის განმავლობაში TOP-5 ექსპორტირებული საქონლის რეიტინგი ასეთია:

  1. მაისურები, თბილი კვართები და სხვა ტრიკოტაჟის ნაწარმი, მანქანით ან ხელით ნაქსოვი - $5.2 მლნ;
  2. ტურბორეაქტიული და ტურბოხრახნიანი ძრავები - 3.4 მლნ;
  3. თხილი და სხვა კაკალი - $2.7 მლნ;
  4. ტრანსფორმატორები ელექტრული, სტატიკური ელექტრული გარდამქმნელები - $2.4 მლნ;
  5. ფანერა დაწებებული, პანელები ხის დაფანერებული და ანალოგიური მასალები - $1.6 მლნ.

მიმდინარე წლის 5 თვეში საქართველომ ჩეხეთში საქონლის ექსპორტით 9 მილიონ 537 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის 5 თვის მაჩვენებელს 1 მლნ დოლარით ჩამორჩება.

რაც შეეხება იმპორტს, საქართველომ 2023 წელს ჩეხეთიდან 221 მლნ დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა, რაც 2022 წლის იმპორტს 36.3%-ით აღემატება. იმპორტირებული საქონლის TOP-5-ეული კი ასეთია:

  1. სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი - $76.3 მლნ;
  2. გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - $21.8 მლნ;
  3. მსუბუქი ავტომობილები - $15.5 მლნ;
  4. სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - $7.3 მლნ;
  5. ძრავები ტურბორეაქტიული და ტურბოხრახნიანი, ტურბინები აირის სხვა - $6.7 მლნ.

2024 წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში კი საქართველოდან ჩეხეთში საქონლის შესაძენად 89 მილიონ 131 ათასი დოლარი გავიდა. იმპორტი ამ პერიოდის განმავლობაში წლიურად 2.7%-ით გაიზარდა.

ინვესტიციები

ჩეხეთიდან საქართველოს ეკონომიკაში პირველად პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მცირე მოცულობით 2003 წელს შემოვიდა და ყველაზე დიდი მოცულობით - 209 მლნ დოლარი 2007 წელს დაფიქსირდა. 2023 წელს ქვეყნის ეკონომიკაში ჩადებული ჩეხური ინვესტიციების მოცულობამ 16.4 მლნ დოლარი შეადგინა.

უნდა აღინიშნოს, რომ 2024 წლის I კვარტალში ქვეყნის ეკონომიკაში ჩადებული ჩეხური ინვესტიციების მოცულობა გასულ წელს ჩეხეთიდან ქვეყანაში ჩადებულ ინვესტიციებს აღემატება. იანვარ-მარტში საქართველოში 201.4 მლნ დოლარის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, სადაც თითქმის მეოთხედი ჩეხეთზე მოდიოდა. პირველი სამი თვის განმავლობაში ჩეხური ინვესტიციების მოცულობამ 41 მილიონ 502 ათასი დოლარი იყო.

BMG-ის მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი ოფიციალური ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ამ პერიოდში ყველაზე დიდი ინვესტიცია ჩეხეთიდან ენერგეტიკის სექტორში ჩაიდო. კერძოდ კი:

  1. ენერგეტიკა - $38.2 მლნ;
  2. პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - $693 ათასი;
  3. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები - $536 ათასი;
  4. საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი - $98 ათასი;
  5. დანარჩენი სექტორები - $1.9 მლნ.

რაც შეეხება TOP-5 საწარმოს, სადაც ჩეხეთიდან მსხვილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ჩაიდო, ოფიციალური მონაცემებით, კომპანიების ჩამონათვალი ასეთია:

  • არაკომერციული ორგანიზაცია "ფიფლ ინ ნიდ" - ფილიალი საქართველოში;
  • სს ენერგო-პრო ჯორჯია
  • სს ეპ ჯორჯია გენერაცია
  • შპს პირველი საინვესტიციო კომპანია საქართველო
  • სს ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგი

ტურიზმი

რაც შეეხება ტურიზმს, 2023 წელს ჩეხეთიდან ტურიზმი პანდემიამდელ მაჩვენებლამდე ვერ აღდგა. ჯამში საქართველოში ჩეხეთიდან 13 819 ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, რაც 2019 წლის მაჩვენებელს 13.7%-ით ჩამორჩება, ხოლო 2022 წლის ტურიზმს 59.2%-ით აღემატება.

ევროპის ამ ქვეყნიდან ტურიზმი ვერც 2024 წლის პირველ კვარტალში აღდგა. წელს პირველი სამი თვის განმავლობაში საქართველოში 1 932 ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2019 წლის მაჩვენებელს 8.7%-ით ჩამორჩება, ხოლო 2023 წლისას 5.7%-ით აღემატება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები