მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეუთო/ოდირის ანგარიშით სრულად განადგურდა ოპოზიციის, NGO-ების და ზურაბიშვილის ცრუ ბრალდება 300 000 ხმის გაყალბებაზე - პაპუაშვილი

პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშის ძირითადი დასკვნები შეესაბამება „ქართული ოცნების“ შეფასებებსა და კონკურენტული და თავისუფალი არჩევნების კრიტერიუმებს. მან ამის შესახებ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ეუთო/ოდირის კრიტიკული ანგარიშიდან გარკვეული ამონარიდები წაიკითხა და თქვა, რომ ამ ანგარიშმა საბოლოოდ ამხილა ოპოზიციის ცრუ ბრალდებები.

„რადიკალური ოპოზიციის თითქმის ორთვიანი ისტერიის ფონზე, ეუთო/ოდირის ანგარიშის მთავარი დამსახურება მაინც ის არის, რომ მან საბოლოოდ ამხილა ოპოზიციის ცრუ ბრალდებები, რომლითაც ისინი უკვე ორი თვეა არჩევნების შედეგების გაყალბებულად გამოცხადებას ცდილობდნენ",- განაცხადა პაპუაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ მხილებულ ტყუილებს შორისაა საზღვარგარეთ გაუხსნელი უბნები, 300 000 გაყალბებული ხმა, ერთი პირადობით 17-ჯერ ხმის მიცემა, რუსული სპეცოპერაცია და გაჟონილი მარკირება.

"ეუთო/ოდირის ანგარიშით სრულად განადგურდა რადიკალური პარტიების, NGO-ების და სალომე ზურაბიშვილი ცრუ ბრალდება 300 000 ხმის გაყალბების შესახებ, რომელიც მათი ვერსიით, არსაიდან გაჩნდა და „ქართულმა ოცნებამ“ მიიწერა. არც პირდაპირ და არც ირიბად ამ ანგარიშში რაიმე მსგავსი არც წერია და არც გამომდინარეობს. ერთი სიტყვითაც არ არის ნახსენები, რომ ან ხმის მიცემისას, ან ხმის დათვლისას, ან ოქმის შედგენისას რაიმე გაყალბებას, მანიპულაციას თუ ე.წ. „საარჩევნო კარუსელს“ ჰქონდა ადგილი",- თქვა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ეუთო/ოდირის ანგარიში ის წყალგამყოფია, სადაც უნდა დასრულდეს ყველანაირი სპეკულაცია არჩევნების კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით.

"ოპოზიციამ ხელისუფლების ის წილი, მანდატების ის რაოდენობა მიიღო, როგორც ეს ქართველმა ხალხმა ჩათვალა საჭიროდ. ასევე, დროა, შეწყდეს თავდასხმები უცხოეთიდან ქართული დემოკრატიის მისამართით და აღიარებული იქნეს ქართველი ხალხის ნება, რომელიც ერთადერთი ლეგიტიმური გზით, არჩევნების საშუალებით გამოიხატა",- თქვა პაპუაშვილმა და დასძინა, რომ საქართველოს ხელისუფლება სიღრმისეულად შეისწავლის რეკომენდაციებს და გააგრძელებს ეუთო/ოდირთან თანამშრომლობას მომდევნო არჩევნების სათანადო დონეზე ჩასატარებლად.

ეუთო/ოდირმა 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნა 20 დეკემბერს გამოაქვეყნა. ეუთო/ოდირმა საბოლოო დასკვნაში რამდენიმე დარღვევაზე ისაუბრა, რომელთა შორისაა: ამომრჩეველთა დაშინება; არათანაბარი საარჩევნო გარემო; ხმის მიცემის საიდუმლოების დარღვევა და მედიის მიკერძოებულობა.

კრიტიკული დასკვნის და იმის მიუხედავად, რომ არჩევნების აღიარება ეუთო/ოდირის მანდატში არ შედის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ეუთო/ოდირი არჩევნებს აღიარებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები