მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროდირექტივა არა “მარჟებს”, არამედ სუპერმარკეტებსა და მომწოდებლებს შორის ურთიერთობას არეგულირებს

63f385638e048
შოთა ტყეშელაშვილი
20.02.23 18:50
1132
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ორი კვირის წინ განაცხადა, რომ მთავრობა ბაზარზე სურსათის ფასების შემცირებისთვის ნაბიჯებს გადადგამდა. პრემიერმა ბიზნესები შეუსაბამოდ მაღალი ფასნამატისთვის გააკრიტიკა. საკითხზე კონკურენციის სააგენტომაც მოამზადა მოკვლევა, რომლის მიხედვითაც დისტრიბუციიდან საცალო მომხმარებლამდე მიღწევისთვის სასურსათო პროდუქტების ფასნამატი ხშირად 60%-80%-ის ფარგლებში იყო.

ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკის სამინისტროს ფასების “რეგულირებისთვის” ახალი კანონპროექტის შემუშავება დაავალა, რისთვისაც უწყებამ რიტეილ სექტორის სხვადასხვა წარმომადგენელთან გამართა შეხვედრები. ამჟამად უცნობია რას ნიშნავს “ფასების დარეგულირება”, რადგანაც სახელმწიფოს კერძო ბიზნესისთვის კონკრეტული საფასო ჩარჩოების და ლიმიტების დადგენა არ შეუძლია. ისევე როგორც არ შეუძლია კერძო ბიზნესს მოგების მარჟები განუსაზღვროს.

დღეს ცნობილი გახდა, რომ საკითხის “მოგვარებას” ხელისუფლება გეგმავს კანონპროექტით, რომელიც ევროკავშირის მიერ 2019 წელს მიღებულ დირექტივის (DIRECTIVE (EU) 2019/633) შესაბამისი უნდა იყოს.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ევროდირექტივა “ფასნამატს” ან “მარჟებს” არ უკავშირდება და ის სასურსათო ნედლეულის პირველად მწარმოებლებს, დისტრიბუტორებსა და სავაჭრო ქსელებს შორის ურთიერთობებს აწესრიგებს.

ევროდირექტივის მიზანია აღკვეთოს გარკვეული საბაზრო ძალაუფლების მქონე სუბიექტების მხრიდან საკუთარი დომინანტური პოზიციის გამოყენება მიმწოდებლებთან მიმართებით. დირექტივის ძირითადი ტექსტი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, ასევე მალფუჭებადი საქონლის პირველად მწარმოებლებს შეეხება.

“სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ანაზღაურების დაგვიანებით გადახდა, მათ შორის მალფუჭებადი პროდუქციის ნავაჭრის დაგვიანებული ანაზღაურება და პროდუქციის მიღებაზე მოულოდნელი უარი, ნეგატიურად მოქმედებს მიმწოდებლის ეკონომიკურ მდგომარეობაზე,”- ნათქვამია დოკუმენტში.

დირექტივის მიხედვით, არ შეიძლება მალფუჭებადი პროდუქციის მიღებაზე უარი ნათქვამი იყოს, შეთანხმებულ თარიღამდე 30 დღეზე ნაკლებ ვადაში.

ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის თქმით, ამ საკითხების მოგვარება საბოლოოდ სურსათის პროდუქციის ფასზეც მოახდენს გავლენას.

“შევისწავლეთ ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკა, ევროკავშირის სამართლიანი კონკურენციის შესახებ 2019 წლის 633-ე დირექტივა, რომლის საფუძველზეც მოვამზადეთ ძირითადი კანონპროექტი, რომელიც ბევრ საკითხს დაარეგულირებს და სამართლიან კონკურენციას უზრუნველყოფს, ასევე დარეგულირდება მიმწოდებლებისთვის გადახდის ვადები, მათ შორის შესვლის გადასახადის და მარკეტინგული ხარჯების პირობები, მარაგების შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალედ გაზიარება, ე.წ. განმარტებითი რეტრობონუსების საკითხი, მარკეტინგული ხარჯების, უკან დასაბრუნებელი პროდუქტების საკითხი და სხვადასხვა. ყველაფერი ეს პირდაპირ კავშირშია მარჟებთან და პროცესების ოპტიმიზაციასთან. ახალი რეგულაციებით თვითონ ვაჭრობის სხვადასხვა რგოლი პროცესების მაქსიმალურად ოპტიმალურობაში იქნება დაინტერესებული და შესაბამისად ის გაზრდილი მარჟები, რომელიც დღეს როგორც წესი გადაზღვევის როლს ასრულებს, ამის საჭიროება აღარ იქნება. ეს ყველაფერი საშუალებას მოგვცემს, რომ შემცირდეს დამატებითი მარჟები და მომხმარებელმა ოპტიმალურ ფასად მიიღოს პროდუქტი“, - განაცხადა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები