ევროპული საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირი ბელარუსთან ვაჭრობასა და სხვადასხვა ტიპის სერვისების მიწოდებას ზღუდავს. საბჭოს გადაწყვეტილებით, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომში ბელარუსის უკანონო ჩართულობის გამო EU-მ სპეციალური ზომები მიიღო, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკას შეაფერხებს.
“საბჭომ დღეს (29 ივნისს) დაამტკიცა შემზღუდველი ზომები, რომლებიც მიზანში ბელარუსის ეკონომიკას იღებს, უკრაინაში რუსეთის უკანონო, არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ ომის აგრესიაში რეჟიმის ჩართულობის გამო. მიღებული ზომები იმეორებს ზოგიერთ შეზღუდვას, რომელიც უკვე დაწესებულია რუსეთის წინააღმდეგ და, შესაბამისად, ეხმიანება სანქციებისთვის თავის არიდების პრობლემას, რასაც რუსეთსა და ბელარუსს შორის არსებული მჭიდრო კავშირი განაპირობებს”, - ნათქვამია ევროპული საბჭოს განცხადებაში.
შეზღუდვები ბელარუსის ეკონომიკის რამდენიმე სექტორს შეეხება, მათ შორისაა: ვაჭრობა, მომსახურება, ტრანსპორტი;
საბჭო აფართოებს ექსპორტის აკრძალვას ორმაგი დანიშნულების საქონელსა და ტექნოლოგიებზე და კრძალავს ისეთი ტიპის პროდუქტის ტრანსპორტირებას, რომელსაც ბელარუსის ინდუსტრიული შესაძლებლობების გაუმჯობესება შეუძლია. გარდა ამისა, იკრძალება ბელარუსში საზღვაო ნავიგაციის სისტემებისა და ფუფუნების საგნების ექსპორტიც.
ამასთან, ბელარუსიდან ოქროს, ბრილიანტის, ჰელიუმის, ნახშირისა და მინერალური პროდუქტების იმპორტი, პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით, აიკრძალა.
საბჭომ ასევე აკრძალა გარკვეული ტიპის სერვისების მიწოდება ბელორუსისთვის, მისი მთავრობისთვის, საჯარო ორგანოებისთვის, კორპორაციებისა და სააგენტოებისთვის. ეს სერვისებია:
- საბუღალტრო, აუდიტორული, საკონსულტაციო სერვისები გადასახადების, ბიზნესმენეჯმენტისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების მიმართულებებით;
- არქიტექტურული და საინჟინრო სერვისები, IT კონსულტაციები და იურიდიული მომსახურება;
- მარკეტინგი, რეკლამირება, სახალხო აზრის გამოკვლევის სერვისები, პროდუქტის გამოცდა და ტექნიკური ინსპექცია;
ამასთან, საბჭო ზღუდავს ევროკავშირის ტერიტორიაზე ტვირთის გადაზიდვას ბელარუსში რეგისტრირებული მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ტრანსპორტით, მათ შორის ბელორუსის ფარგლებს გარეთ რეგისტრირებული საკონტეინერო გადაზიდვისასაც. შეზღუდვებზე გვერდის ავლის პრევენციისთვის, კომპანიებს, რომელთა მინიმუმ 25%-ს მფლობელი ბელორუსი ფიზიკური ან იურიდიული პირია, ეკრძალებათ საგზაო-სატრანსპორტო, ლოგისტიკურ კომპანიებად ჩამოყალიბება და ევროკავშირის საზღვრებში ტვირთის გადაზიდვა.
საბჭოს გადაწყვეტილებით, ევროკავშირში მოქმედ ყველა მწარმოებელს, რომელსაც პროდუქტი ექსპორტზე გააქვს, სამომავლო კონტრაქტებში “არა ბელარუსს” პუნქტის ჩამატება მოუწევთ, რომელიც ბელარუსში რეექსპორტს აკრძალავს. ამასთან, შეზღუდვებისთვის გვერდის ავლის პრევენციისთვის, EU კრძალავს ბელარუსის ტერიტორიის გავლით ისეთი პროდუქტის ტრანზიტს, რომელიც შესაძლოა ბელარუსის თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის გაძლიერებას მოხმარდეს.
დამატებით, ევროკავშირში სამხედრო პროდუქტის მწარმოებლებს და ექსპორტიორებს ეძლევათ ვალდებულება, რომ შეიმუშაონ საგულდაგულო მექანიზმი, რომელიც აღმოფხვრის სამხედრო ტექნიკის მესამე მსოფლიოს ქვეყნებიდან რუსეთში რეექსპორტის რისკებს.
ევროპული საბჭო გმობს რუსეთის ომის განგრძობით მხარდაჭერას ბელარუსისგან და მოუწოდებს ბელარუსს, არ მისცეს რუსეთის შეიარაღებულ ძალებს მათი ტერიტორიის გამოყენების უფლება.