ევროკავშირი ჩინური კომპანიებისთვის ახალი რეგულაციების დაწესებას განიხილავს. როგორც ბრიუსელში აცხადებენ, ჩინურმა კომპანიებმა, რომლებსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე საქმიანობის გაგრძელების სურვილი ექნებათ, მათ მიერ გამოყენებული ტექნოლოგიები ევროპულ კონკურენტებსაც უნდა გაუზიარონ. ამ ეტაპზე, ძირითადად აქცენტი ავტო და ბატარეების მწარმოებლებზეა.
როგორც ირკვევა, ევროკავშირის არსებული მნიშვნელოვანი ჩამორჩენის შემცირება და კონკურენტუნარიანობის გაზრდა სურს.
დაანონსებული რეგულაციები ასევე მოიცავს კომპანიაში ევროპის მოქალაქეების დასაქმების ზრდას, ასევე წარმოების პროცესში ისეთი მასალების გამოყენებას, რასაც სხვა ევროპული კომპანიები იყენებენ. ჯერჯერობით, საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა ევროკავშირის მსხვილი მოთამაშეები თანხმდებიან, რომ გაერთიანებას გლობალური კონკურენციის ფონზე საგრძნობი ჩამორჩენა აქვს და ამ კუთხით ვითარების გამოსწორება აუცილებელია.
აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში ევროკავშირი ძალისმიერი მეთოდებით ტექნოლოგიების გაზიარებაზე უარს ამბობდა და სწორედ ეს ქმნიდა მიმზიდველ გარემოს ჩინური კომპანიებისთვის. თუმცა ევროპულ ბაზარზე აზიური გიგანტის პოზიციების გაძლიერების ფონზე, ევროკავშირის პრიორიტეტი საკუთარი ტექნოლოგიების განვითარება გახდა, რაც მხოლოდ ადგილობრივ კომპანიებში ინვესტირებით და მათი ხელშეწყობით ვერ ხერხდება.
ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ჭიანურდება საკითხის გადაწყვეტა, არის ჩინური კომპანიების მიერ ევროკავშირთან მიმართებით სტრატეგიის ცვლილების რისკი. არსებული თანამშრომლობით ორივე მხარე დიდ სარგებელს იღებს, თუმცა თუ ჩინეთისთვის გარემო შეიცვლება, ეს მის აქტორებს არჩევანის გარეშე დატოვებს. მათ ან ევროკავშირის რეგულაციებისადმი დამორჩილება ან ბაზრიდან გასვლა მოუწევთ.




























