მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ევროკავშირი დააკვირდება არა მხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ წინასაარჩევნო პერიოდსაც” - ელჩი

ელჩი

ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მიცემაზე დადებითი რეკომენდაცია გასცა, თუმცა ცნობილია, რომ საქართველომ 9 ახალი დათქმა უნდა შეასრულოს, საიდანაც ნაწილი თავდაპირველი 12 რეკომენდაციიდან გადმოსული შეუსრულებელი პუნქტებია. ახალ დათქმებს შორის კი ერთ-ერთი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარებაა. ამ საკითხზე ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი, TV პირველის ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ საუბრობს.

“ევროკავშირის გაფართოების შესახებ გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლები იღებენ - ისინი დეკემბერში მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუ რა იქნება შემდეგი ნაბიჯები, მიღწეული პროგრესისა და ევროკომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ საქართველოს პოლიტიკური ძალები გაერთიანდნენ. როდესაც ვსაუბრობთ ევროინტეგრაციაზე, უნდა ვისაუბროთ ერთხმად. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ევროკავშირის კარი ნამდვილად ღიაა თქვენთვის - ჩვენ გელოდებით!

საქართველო მზად უნდა იყოს, რათა ევროკავშირის წევრი გახდეს და ბლოკი გააძლიეროს. სწორედ ამიტომ დავსახეთ 9 ნაბიჯი, საიდანაც ზოგი ერთი თქვენთვის ნაცნობია და თავდაპირველი 12 რეკომენდაციის ნაწილია, რომელთა შესრულებაც არ დასრულებულა, რამდენიმე მათგანი ახალია. ერთი მათგანი თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარებულ არჩევნებს შეეხება - ეს დემოკრატიის მთავარი საყრდენია. ჩვენ დავაკვირდებით არა მხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ წინასაარჩევნო პერიოდსაც და ვიმედოვნებთ, რომ საარჩევნო პროცესში უკლებლივ ყველა ჩაერთვება და, რაც მთავარია, ადგილი არ ექნება ძალადობას”, - აცხადებს ჰერჩინსკი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები