მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროკავშირი ირანის რევოლუციურ გუშაგთა კორპუსს ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადებს

ევროკავშირი და ირანი

ევროკავშირი ირანის ელიტარული სამხედრო დანაყოფის, რევოლუციურ გუშაგთა კორპუსის ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში შეყვანისთვის ემზადება. როგორც ოფიციალურ ბრიუსელში განმარტავენ, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც დადასტურდა, რომ თვის დასაწყისში ირანის ანტისამთავრობო აქციების სისხლიან ჩახშობაში განსაკუთრებულად სწორედ აღნიშნული სამხედრო გვარდია მონაწილეობდა.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა თქვა, რომ ამ ნაბიჯით ირანული ელიტური დანაყოფი იმ სიაში აღმოჩნდება, სადაც დღემდე იმყოფებიან Al Qaeda, Hamas-ი და Daesh-ი.

განმარტებისთვის, ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადების შემთხვევაში პერსონალური ფინანსური და სამოგზაურო სანქციები არამარტო გვარდიის სარდლობასა და ხელმძღვანელობას, არამედ მის ყველა ჯარისკაცს დაუწესდება. ამ დანაყოფში 150,000-დან 190,000-მდე სამხედრო ირიცხება.

გადაწყვეტილების საბოლოოდ დამტკიცებას ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნის მხარდაჭერა დასჭირდება, თუმცა, დიდია მოლოდინი, რომ პროცესი სწრაფად და წინააღმდეგობის გარეშე ჩაივლის, რადგან ირანის რევოლუციურ გუშაგთა კორპუსის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას საფრანგეთი და იტალია აღარ ეწინააღმდეგებიან.

შეგახსენებთ, ამ ქვეყნების მთავარი არგუმენტი დაკავშირებული იყო ბირთვულ მოლაპარაკებებთან. მაგალითისთვის, ოფიციალურ პარიზში დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნევდნენ, რომ მსგავსი ნაბიჯი მკვეთრად დააზიანებდა დიპლომატიურ მცდელობას, დაეთანხმებინათ აიათოლას ხელისუფლება ბირთვული პროგრამის შეწყვეტაზე. როგორც ირკვევა, იანვრის მოვლენებმა მკაფიოდ შეცვალა მათი შეხედულება. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ელიტური ირანული დანაყოფი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჯერ კიდევ ტრამპის პირველი ადმინისტრაციის დროს, 2019 წელს დაასანქცირა და შემდგომი წლების განმავლობაში მუდმივად მოუწოდებდა ევროკავშირს იგივე ნაბიჯის გადადგმისკენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები