ევროპელი რეგულატორები მარკ ცუკერბერგს, Meta-ს დამფუძნებელს, რომელიც სხვადასხვა სოციალურ ქსელს აერთიანებს, თავის პლატფორმაზე ისრაელი-ჰამასის კონფლიქტთან დაკავშირებული დეზინფორმაციის გავრცელების ფაქტების აღმოსაფხვრელად 24 საათს აძლევენ.
გავრცელებულ წერილში, რომლის ადრესატიც Meta-ს CEO მარკ ცუკერბერგია, მილიარდერ ბიზნესმენს ევროკომისია ისრაელი-ჰამასის მიმდინარე კონფლიქტის დროს, მის პლატფორმებზე გავრცელებული დეზინფორმაციის “ფრთხილად” წაშლისკენ მოუწოდებს.
ევროკომისიის წევრი ტერი ბრეტონი აცხადებს, რომ ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ ევროკავშირი “ზოგიერთ პლატფორმაზე” არალეგალურ კონტენტისა და დეზინფორმაციის მონიტორინგს ეწევა. EU-ის ახალი “ციფრული სერვისების აქტის” თანახმად, Meta საკუთარი პლატფორმებიდან სიძულვილის ენისა და არალეგალური კონტენტის, მათ შორის ტერორიზმის მხარდამჭერი პოსტების, წაშლაზე პასუხისმგებელი თავადაა. კომპანიას ამისთვის შესაბამისი პროტოკოლიც აქვს. იმ შემთხვევაში, თუ Meta ევროპულ რეგულაციებს ვერ შეასრულებს, კომპანია ყოველწლიური შემოსავლის 6%-ის ოდენობით დაჯარიმდება.
“მოგიწოდებთ, რომ დაუყოვნებლივ დარწმუნდეთ თქვენი სისტემის ეფექტურობაში”, - წერია ევროკომისიონერის წერილში, რომელსაც ცუკერბერგმა 24 საათში უნდა უპასუხოს.
“ისრაელზე ჰამასის მიერ ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, ჩვენ სწრაფადვე შევქმენით სპეციალური საოპერაციო ცენტრი, რომელშიც ექსპერტები, მათ შორის ივრითისა და არაბული ენის სპეციალისტები არიან ჩართულები, რათა მიმდინარე სიტუაციაში მონიტორინგი ვაწარმოოთ და სწრაფი რეაგირებაც გვქონდეს. ჩვენი გუნდები პლატფორმის უსაფრთხოებისთვის განუწყვეტლივ მუშაობენ, ჩვენი პოლიტიკისა და ადგილობრივი კანონის დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირებაც აქვთ და სხვადასხვა ქვეყნის საინფორმაციო წყაროებთანაც მუშაობს, რათა არასწორი ინფორმაციის გავრცელება თავიდან ავირიდოთ”, - განუცხადა Meta-ს წარმომადგენელმა CNBC-ს.
აღსანიშნავია, რომ ანალოგიური შინაარსის წერილი ილონ მასკმა, X-ის მფლობელმაც მიიღო, რომელიც პლატფორმაზე დეზინფორმაციის გავრცელების გამო მწვავე გაფრთხილებას მოიცავდა.