ევროკავშირმა განაცხადა, რომ „რადიო თავისუფლების“ (RFE/RL) მხარდასაჭერად 5,5 მილიონი ევრო გამოყოფა იგეგმება. როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა აღნიშნა, დაფინანსება მიმართული იქნება მაუწყებლობის ხელშეწყობისკენ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.
„გაუფილტრავი კონტენტის ზრდის ეპოქაში დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. სწორედ ამიტომ მიხარია, გამოვაცხადო, რომ ვამზადებთ 5,5 მილიონი ევროს კონტრაქტს დემოკრატიის ევროპულ ფონდთან, რომელიც მხარს დაუჭერს „რადიო თავისუფალი ევროპის“ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმიანობას“, — განაცხადა კალასმა.
კალასის თქმით, ეს არის საგანგებო და მოკლევადიანი დახმარება, ხოლო გრძელვადიანი დაფინანსების გზებზე ევროკავშირში მუშაობა გრძელდება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განმარტებით, თავისუფალი მედიის მხარდაჭერა რჩება გაერთიანების სტრატეგიულ პრიორიტეტად.
ევროკავშირის გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა შვედეთის მთავრობის მიერ გამოყოფილი 1,84 მილიონი ევრო „რადიო თავისუფლების“ მხარდასაჭერად 2025 წლის მაისის დასაწყისში.
„რადიო თავისუფლება“ წარსულში აშშ-ის კონგრესის მიერ დამტკიცებული ბიუჯეტით ფინანსდებოდა გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM) მეშვეობით. 2024 წელს ორგანიზაციის ბიუჯეტი 142 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა. თუმცა, 2025 წლის მარტში USAGM-მა რადიოს დაფინანსება შეწყვიტა, რასაც თანამშრომლების შემცირება მოჰყვა — სამსახური დატოვა 122-მა თანამშრომელმა.




























