მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირი რუსებს პირადი ნივთებით და ავტომობილებით საზღვრის გადაკვეთას უკრძალავს

რუსული ნომრები

ევროკავშირი რუსებს პირადი ნივთებით და ავტომობილებით საზღვრის გადაკვეთას უკრძალავს. კერძოდ, “არ აქვს მნიშვნელობა, ავტომობილი კერძო თუ კომერციული მიზნებისთვის გამოიყენება, რადგან ის XXI დანართში ჩამოთვლილ საბაჟო კოდებს ექვემდებარება (მათ შორის, კოდი 8703), რომლებიც რუსეთში წარმოებულ ან რუსეთიდან ექსპორტირებულ საქონელს შეეხება,“- ნათქვამია ევროკომისიის ინფორმაციაში.

ასევე, აკრძალულია ისეთი პირადი ნივთების რუსეთიდან ევროკავშირის ქვეყნებში შეტანა, როგორიცაა სმარტფონები, სამკაულები და ლეპტოპები.

აღნიშნული სანქციები რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ დაწესდა.

ევროკომისიის განცხადებას უკვე გამოეხმაურნენ მოსკოვში. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, "ეს არის რასიზმი". ყოფილმა პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა კი აღნიშნა, რომ ევროკავშირში რუსებს ექცევიან, როგორც "ნახევრად ცხოველებს", ამიტომ საპასუხოდ გადაიხედება ევროპასთან დიპლომატიური კავშირები.

"რა შეგვიძლია გავაკეთოთ? ნამდვილად არ დავუწესებთ საპასუხო შეზღუდვებს ევროკავშირის მოქალაქეებს, ჩვენ არ ვართ რასისტები. უმჯობესი იქნება, თუ მარტივად, დიპლომატიურ კავშირებს ევროკავშირთან გარკვეული დროით შევწყვეტთ", - განაცხადა მედვედევმა.

შეგახსენებთ, ივლისში გერმანიაში რუსეთის საელჩომ საკუთარ მოქალაქეებს, გერმანიაში მოგზაურობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა გერმანიის ხელისუფლების მიერ რუსეთში რეგისტრირებული მანქანების ჩამორთმევის რამდენიმე შემთხვევის გამო.

ცნობისთვის, ევროკავშირის საბჭოს 2014 წლის 31 ივლისის რეგულაცია 3i კრძალავს ევროკავშირის ქვეყნებში რიგი საქონლის, მათ შორის მანქანების გაყიდვას და იმპორტს, თუ ისინი წარმოებულია რუსეთში ან ექსპორტირებულია ქვეყნიდან. ამიტომ გერმანიის ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ რუსები, რომლებიც ქვეყანაში კერძო მანქანებით შემოდიან, არღვევენ გერმანიის „ვაჭრობის შესახებ“ კანონს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები