ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა, დაადასტურა ევროკავშირის განზრახვა, მიმდინარე წლის გამოფენაში რუსეთის მონაწილეობის დაშვების გამო, ვენეციის ბიენალეს €2 მილიონიანი დაფინანსება შეუწყვიტოს.
"სანამ რუსეთი მუზეუმებს ბომბავს, ეკლესიებს ანგრევს და უკრაინული კულტურის განადგურებას ცდილობს, მას არ უნდა მიეცეს საკუთარი კულტურის წარმოჩენის საშუალება. რუსეთის ვენეციის ბიენალეზე დაბრუნება ამორალურია", - განაცხადა კაია კალასმა.
ვენეციის ბიენალეზე რუსეთის მონაწილეობას კრიტიკა და მწვავე უარყოფითი რეაქცია მოჰყვა ევროპელი ლიდერებისა და ხელოვანების მხრიდან. გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ფინეთი ვენეციაში ოფიციალურ დელეგაციას არ გაგზავნის. თუმცა ფინეთის პავილიონში გამოფენა მაინც გაიმართება.
აგრეთვე, ლატვიის კულტურის მინისტრმა, აგნეზე ლაცემ, განაცხადა, რომ 9 მაისს ბიენალეს გახსნას ლატვია ბოიკოტს გამოუცხადებს, თუ მასში რუსეთი მიიღებს მონაწილეობას. მარტში აგნეზე ლაცემ სხვადასხვა ქვეყნის კულტურის მინისტრებს შესთავაზა, ხელი მოეწერათ განცხადებისთვის, რომელიც ორგანიზატორებს ვენეციაში რუსეთის წარმომადგენლობის გადახედვისკენ მოუწოდებდა. მას ევროპის 21 ქვეყნის კულტურის მინისტრი შეუერთდა.
მთავარი გამოფენის მონაწილეებიც მოითხოვენ რუსეთის გამოფენაზე არ დაშვებას. ბიენალეს ამ ნაწილში მონაწილე ათობით ხელოვანმა ხელი მოაწერა ღია წერილს, მოთხოვნით გამოფენიდან ამ ქვეყანასთან ერთად ისრაელი და აშშ-იც გააძევონ, რომლებსაც "ომის დანაშაულების ჩამდენ ამჟამინდელ რეჟიმებად" მოიხსენიებენ.
რუსეთის ბიენალეზე დაბრუნებამ თვით იტალიის ულტრამემარჯვენე მთავრობაშიც კი დაძაბულობა გამოიწვია. იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ განაცხადა, რომ მისი კაბინეტი ღონისძიებაზე მოსკოვის წარმომადგენლობას უარყოფს. მის საპირისპიროდ, ვიცე-პრემიერმა მატეო სალვინიმ ევროკავშირის მიერ დაფინანსების შეწყვეტის მუქარა "ვულგარულ შანტაჟად" შეაფასა "მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და თავისუფალი კულტურული ინსტიტუციის" წინააღმდეგ.
ბიენალეს თავმჯდომარე, პიეტრანჯელო ბუტაფუოკო, ამტკიცებს, რომ ღონისძიება "ყველასთვის ღია" უნდა იყოს. "მე არავის გამოვრიცხავ", - განუცხადა მან გაზეთ "ლა რესპუბლიკას". "მონაწილეობას მიიღებენ რუსეთი, ირანი და ისრაელი. მონაწილეობას მიიღებს უკრაინაც და ბელარუსიც. ყველა".
ბიენალეს ოფიციალური წარმომადგენლობის განმარტებით, რომელიმე ქვეყნის გამოფენიდან გამორიცხვა შეუძლებელია, რადგან იტალიაში სახელმწიფოდ აღიარებულ ნებისმიერ ერს მონაწილეობის უფლება აქვს. დამატებით კი განიმარტა, რომ რუსეთის მონაწილეობით, რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციები არ დარღვეულა.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ უკრაინა წელსაც მონაწილეობს ბიენალეში. უკრაინის წარმომადგენლობამ რუსეთის მონაწილეობა სხვა ქვეყნებთან ერთად გააპროტესტა და ამასთანავე სანქციები დაუწესა პავილიონთან აფილირებულ ხუთ პირს.
"ჩვენ სანქციები დავუწესეთ იმ პირებს, რუს მონაწილეებს და ახლა ჩვენ ვსვამთ საკითხს, რომ მათ ვიზები არ მიიღონ. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს ხმას გაიგებენ... და ველით, რომ ვიზებს არ გასცემენ.
თუმცა იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთი მაინც მიიღებს მონაწილეობას გამოფენაში, ბიენალეზე უკრაინის წარმომადგენელმა, მხატვარმა ჟანა ხადიროვამ განაცხადა, რომ პროტესტს არ გამართავს. "ჩვენ ჩვენს გზავნილზე გავამახვილებთ ყურადღებას და მთელ სტრესს იმას მოვახმართ, რომ ჩვენი პავილიონი მაქსიმალურად კარგი გამოვიდეს. ეს ჩვენი ბრძოლაა", - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ კომენტარში.
რუსეთის მონაწილეობა გააპროტესტა ასევე პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგე პანკ-ჯგუფ Pussy Riot-ის წევრმა, ნადეჟდა ტოლოკონიკოვამ: "აპოლიტიკური პროგრამით ბიენალეში მონაწილეობა მათი რეპუტაციის გაუმჯობესებისა და მსოფლიოსთვის რუსული ტერორის მსხვერპლების დავიწყების მცდელობაა", - განაცხადა მან DW-სთან ინტერვიუში. Pussy Riot ვენეციაში გამგზავრებასა და საპროტესტო პერფორმანსის გამართვას გეგმავს.
ტოლოკონიკოვამ იტალიის მთავრობას შესთავაზა, პავილიონიდან პუტინის რუსეთის წარმომადგენლები გაეყვანა და მათ ნაცვლად გამოეფინათ რუსი პოლიტპატიმრების ნამუშევრები, “რომლებიც ამჟამად უკრაინაში რუსეთის სისხლიანი ომის წინააღმდეგ გამოთქმული აზრის გამო ციხეებში იხდიან სასჯელს".
რა პროექტით გეგმავს რუსეთი ბიენალეზე წარდგეს?
პროექტი სახელწოდებით "ხე, ცაში გადგმული ფესვებით" 5-დან 8 მაისამდე ვენეციის ბიენალეს რუსულ პავილიონში იქნება წარმოდგენილი; სხვა დღეებში ვიზიტორებს პროექტის ჩანაწერის ნახვის საშუალება ექნებათ. კურატორები მას ხელოვნების პროექტის ფარგლებში გამართულ მუსიკალურ ფესტივალად აღწერენ: პროგრამაში მონაწილეობს დაახლოებით 50 შემსრულებელი რუსეთის სხვადასხვა რეგიონიდან, ასევე არგენტინიდან, ბრაზილიიდან, მალიდან და მექსიკიდან.
ცნობისთვის, რუსეთის პავილიონის კურატორი ანასტასია კარნეევა, ამ თანამდებობაზე 2021 წელს რვაწლიანი ვადით დაინიშნა. ის სახელმწიფო კორპორაცია "როსტეკის" უფროსის მოადგილის, ნიკოლაი ვოლობუევის, ქალიშვილია. 2016 წელს კარნეევამ ხელოვნების კომპანია "Smart Art" დააარსა ეკატერინა ვნოკუროვასთან ერთად, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის, ქალიშვილია.
რუსეთის ვენეციის ბიენალეზე დაბრუნება
პირველად ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი კვლავ მიიღებდა მონაწილეობას ვენეციის ბიენალეში ცნობილი გასულ თვეში გახდა, როდესაც გამოცემა ARTnews-ისთვის მიცემულ კომენტარში, რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის საკითხებში და კულტურის ყოფილმა მინისტრმა, მიხეილ შვიდკოიმ განაცხადა, რომ რუსეთი "არასდროს გასულა ბიენალედან" და ეძებს "ახალ ფორმატებს, რომლებიც მას კულტურულ სფეროში აქტიურობის შენარჩუნების საშუალებას მისცემს". მან ჩვეულ პროპაგანდისტულ სტილში დაამატა, რომ 2026 წელს პავილიონის გახსნა "აჩვენებს დასავლეთის მიერ რუსული კულტურის დაბლოკვის მცდელობების წარუმატებლობას".
უნდა აღინიშნოს, 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში რუსეთის მიერ შეჭრის შემდეგ რუსული პავილიონის ხელოვანებმა, ლიეტუველ კურატორთან ერთად, პროტესტის ნიშნად უარი თქვეს ბიენალეში მონაწილეობაზე. თავიანთ განცხადებაში ხელოვანებმა განმარტეს, რომ "ხელოვნების ადგილი არ არის, როდესაც მშვიდობიანი მოქალაქეები რაკეტების ცეცხლში იღუპებიან, როდესაც უკრაინელი მოქალაქეები თავშესაფრებში იმალებიან და როდესაც პროტესტის გამომთქმელ რუსების ხმას ახშობენ".




























