საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან-ნოელ ბაროს ინფორმაციით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის მოლაპარაკებები სულ ცოტა ხანში დასრულდება და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტი მალე დამტკიცდება.
როგორც პირველმა დიპლომატმა აღნიშნა, ევროგაერთიანება ამ გადაწყვეტილების დეტალებს ამერიკელ სენატორებთან ათანხმებს, რათა პუტინის რეჟიმისთვის მიყენებული ზიანი გაცილებით უფრო დიდი იყოს.
აღსანიშნავია, რომ ამჯერადაც მთავარ გამოწვევას სლოვაკიისა და უნგრეთის წინააღმდეგობა წარმოადგენს. როგორც ბარომ აღნიშნა, ორი ქვეყნის ლიდერებს ენერგეტიკულ სფეროში რუსეთთან პარტნიორობის გაფუჭების შიში აქვთ. შეგახსენებთ, “Rosatom”-თან თანამშრომლობით, უნგრეთი ატომური ელექტროსადგურის გაფართოებაზე მუშაობს. სავარაუდოდ, სწორედ ამ მშენებლობის გაჭიანურება აშინებს ვიქტორ ორბანს. ცნობისთვის, პრეზიდენტმა ტრამპმა სულ რამდენიმე დღის წინ მოუხსნა პროექტს ის სანქცია, რომელიც გასული წლის ნოემბერში ბაიდენმა გამოაცხადა.
უნგრეთისა და სლოვაკეთის წინააღმდეგობის გამო სანქციების მე-18 პაკეტის მიღების გაჭიანურებაზე საუბრობენ ევროკავშირის უწყებების ლიდერებიც, თუმცა როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცხადა, სანქცირების მომხრე ქვეყნები ყველაფერს გააკეთებენ, რომ მოახერხონ მოწინააღმდეგე ქვეყნების დათანხმება. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტი ვერ აკონკრეტებს, ზუსტად როდის მოხერხდება გადაწყვეტილების საბოლოოდ მიღება.
აღსანიშნავია, რომ ევროგაერთიანებაზე არანაკლები შიდა წინააღმდეგობა ახლა სენატშია. იმის მიუხედავად, რომ უკრაინის ღია მხარდამჭერები ყველანაირად ცდილობენ კოლეგების დარწმუნებას, სავარაუდოდ, ივლისის ბოლომდე რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მიღება ვერც შტატებში მოხდება. ერთადერთი სარგებელი, რაც აქედან ევროკავშირს აქვს, ეს დროა. დრო, რომლის გამოყენებაც ფიცოსა და ორბანის წინააღმდეგობის ჩაცხრობას უნდა მოხმარდეს.




























