ევროკავშირის მინისტრები გეგმავენ მხარი დაუჭირონ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის გამარტივებული წესის გაუქმებას. ამის შესახებ გამოცემა Financial Times-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.
ევროკავშირის მინისტრები ამ საკითხთან დაკავშირებით ორდღიან შეხვედრაზე იმსჯელებენ, რომელიც 30 აგვისტოს დაიწყება. Financial Times-ის ინფორმაციით, ამ გზით, EU რუსეთის მოქალაქეებს მკაფიო სიგნალს გაუგზავნის, რომ თავისუფალი სამყაროსთვის ომი მიუღებელია.
ვიზების გაცემის გამარტივების ხელშეკრულება 2007 წელს გაფორმდა. ევროკავშირმა მისი რამდენიმე პუნქტის მოქმედება, რომელიც სახელმწიფო უწყებებისა და ბიზნესების წარმომადგენლების მიერ ვიზების მოპოვებას შეეხებოდა ომის დაწყებიდან მალევე შეაჩერა. ახლა კი საუბარია ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის გამარტივებული წესის შეჩერებაზე. ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეებს დასჭირდებათ დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა, რაც ვიზებს გააძვირებს, მათი მიღების ლოდინის პერიოდს კი მნიშვნელოვნად გაახანგრძლივებს - იუწყება გამოცემა.




























