ევროპულმა კომისიამ TikTok-ის შემქმნელი კომპანია ByteDance-ი ციფრული სერვისების აქტის დარღვევაში ოფიციალურად დაადანაშაულა და არსებულ ალგორითმში ცვლილებების შეტანა მოსთხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სოციალური მედიის ჩინურ გიგანტს გლობალური შემოსავლების 6%-ის ჯარიმის სახით გადახდა მოუწევს.
როგორც ოფიციალურ ბრიუსელში აცხადებენ, TikTok-ში ჩაშენებული სისტემა მომხმარებლის მიჯაჭვებაზეა გათვლილი და მათ დამოკიდებულს ხდის, რაც ევროკავშირში არსებული კანონმდებლობით დანაშაულად ითვლება და ტექნოლოგიური კომპანიების შემთხვევაში მსხვილ ფინანსურ ჯარიმებს ითვალიწინებს. ევროპული კომისიის განმარტებით, ალგორითმი, რომელიც უსასრულო “სქროლვაზეა” გათვლილი და მომხმარებლის დიდ ხანს შესანარჩუნებლად მის პირადი აქტივობის მონაცემებს იყენებს, ზრდის დამოკიდებულებას და ადამიანს მისი მუდმივად გამოყენების სურვილს უჩენს.
კიდევ ერთი პრობლემა, რომელსაც ევროკომისია TikTok-ის პლატფორმაში ხედავს, ეხება არასრულწლოვნების დაცვას იმ ფიზიკური და მენტალური საფრთხეებისაგან, რაც აღნიშნული სოციალური მედიის გამოყენებისას შეიძლება დაემუქროს ადამიანს. იქნება ეს წვდომა პირდაპირ ეთერებზე, იგივე ლაივებზე სადაც კომუნიკაცია უკონტროლოა, თუ ალგორითმით შეთავაზებული ვიდეო-მასალები, რომელთა შინაარსსაც მომხმარებლის ინტერესის გარდა კომპანია თავისი ხედვითაც განსაზღვრავს.
ევროკავშირში გაჟღერებულ ბრალდებებს უკვე გამოეხმაურნენ ჩინურ კომპანიაშია. როგორც ByteDance-ის ხელმძღვანელობა განმარტავს, არცერთი ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამება და იმის მტკიცება, რომ TikTok-ი ადამიანებს მასზე დამოკიდებულს ხდის, სრულიად უსაფუძვლოა. ამის მიუხედავად, კომპანიამ დააანონსა, რომ მომდევნო კვირებისა თუ თვეების განმავლობაში ევროპულ უწყებებთან აქტიურად ითანამშრომლებს, რათა ევროკავშირის ციფრული სერვისების აქტის მოთხოვნები სრულფასოვნად დააკმაყოფილოს და თავიდან აირიდოს ის კოლოსალური მოცულობის ჯარიმა, რაც ემუქრება.



























