მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროკავშირიდან საქართველოში ტურიზმი პანდემიამდელ ნიშნულამდე ვერ აღდგა

ტურისტი ტურიზმი

საქართველოს ტურიზმის გეოგრაფია შეიცვალა - იმის მიუხედავად, რომ წინა წელთან შედარებით საერთაშორისო ვიზიტორთა ნაკადი 4.5%-ით გაიზარდა და წელს ცხრა თვეში 5.04 მილიონ ვიზიტს მიაღწია, შეცვლილია ვიზიტების გეოგრაფია და ის სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაზე არის ფოკუსირებული. 2019 წელთან, ანუ პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით ნაკლებია მთლიანად ვიზიტორთა რაოდენობაც - 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოში 5.9 მილიონი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, შესაბამისად, წელს ვიზიტორთა ნაკადი პანდემიამდელ ნიშნულს 14%-ით ჩამოუვარდება.

პანდემიამდე, საქართველოს ევროკავშირიდან უფრო მეტი ვიზიტორი ჰყავდა, 2024 წლის ცხრა თვეში EU-დან ვიზიტორთა რიცხვი შემცირებულია. ეს შესაძლოა სხვადასხვა ფაქტორით, მათ შორის უკრაინაში საომარი ვითარებით, მოგზაურთა ცვალებადი პრეფერენციებით, ასევე EU-დან საქართველოს მიმართულებით ფრენების გაძვირებითაც იყოს განპირობებული. კიდევ ერთი ფაქტორი პოსტ-პანდემიურ პერიოდში ბიზნესების შეცვლილი დამოკიდებულება იყოს ბიზნეს ტურიზმთან მიმართებით, რაც მასობრივი შეხვედრების თავიდან არიდებას და საერთაშორისო შეხვედრების დისტანციური მეთოდებით ჩატარებას უკავშირდება.

2024 წლის 9 თვეში საქართველოში ევროკავშირის მოქალაქეებმა სულ 348,329 ვიზიტი განახორციელეს, რაც პანდემიამდელ 2019 წლის ნიშნულთან შედარებით 37,168 ვიზიტით, ანუ 10%-ით ნაკლებია. ამასთან, საგულისხმოა გარემოება, რომ სინამდვილეში EU-ს წილი საქართველოს ტურიზმში კიდევ უფრო მცირეა, რადგანაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია EU-ს ვიზიტორთა ნაკადს დიდ ბრიტანეთსაც ათვლის, საიდანაც 2024 წლის 9 თვეში 25,431 ვიზიტი შედგა (2019 წლის 9 თვეში 30,053 ვიზიტი).

ევროკავშირიდან 2024 წლის 9 თვეში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემდეგი ქვეყნებიდან შემოვიდა (ტოპ 5 და შედარება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან).

  1. გერმანიის მოქალაქეები - 62,804 ვიზიტი, ნაკლებია პანდემიამდელ ნიშნულთან 13%-ით;
  2. პოლონეთის მოქალაქეები - 53,245 ვიზიტი, ნაკლებია პანდემიამდელ ნიშნულთან 24%-ით;
  3. საფრანგეთი - 22,768 ვიზიტი, მეტია პანდემიამდელ ნიშნულთან 1%-ით;
  4. საბერძნეთის მოქალაქეები - 20,500 ვიზიტი, მეტია პანდემიამდელ ნიშნულთან 29%-ით;
  5. ლატვიის მოქალაქეები - 17,041 ვიზიტი, მეტი პანდემიამდელ ნიშნულთან 6%-ით.

შესაბამისად, სტატისტიკა აჩვენებს, რომ EU-დან ტურიზმის აღდგენა უფრო მეტად მოხდა ბალტიის ქვეყნებიდან და სამხრეთ ევროპის ქვეყნებიდან, თუმცა დასავლეთ ევროპის ქვეყნების ვიზიტორთა მხრიდან საქართველოში ტურისტული ნაკადი შემცირებულია.

2024 წელს კი მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება ინდოეთიდან (+47%, რაოდენობა 87,491 ვიზიტი) და ჩინეთიდან (+101%, რაოდენობა 66,500 ვიზიტი), ასევე გაზრდილია 26%-ით ვიზიტების რაოდენობა ისრაელიდან და ის 229,739-ს აღწევს, ირანიდან კი მატება 22%-ია და ვიზიტების რაოდენობა 120,840-ია, საუდის არაბეთიდან კი ზრდა ასევე 22%-ია და ვიზიტების რიცხვი 77,567-ს აღწევს.

2024 წლის ცხრა თვეში შემცირებულია ტურისტული ნაკადი რამდენიმე მთავარი ქვეყნიდან, მათ შორის რუსეთის ფედერაციიდან (1,111,004 ვიზიტი, კლება 3%), თურქეთიდან (1,060,285 ვიზიტი, კლება 2%), სომხეთიდან (732,271 ვიზიტი, კლება 0.5%), ზრდაა აზერბაიჯანიდან, რომელსაც სახმელეთო საზღვარი ამ დრომდე არ გაუხსნია, თუმცა ამის მიუხედავად წელს აზერბაიჯანიდან საქართველოში 163,207 ვიზიტი შედგა, რაც წლიურად 11%-ით არის მომატებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები