მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ევროკავშირის ერთი რეკომენდაცია ამასობაში უკვე შევასრულეთ“ - მამუკა მდინარაძე

6409c83bf286d
ვიქტორია მღებრიშვილი
09.03.23 16:01
10221
"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ევროკავშირის მიერ გაცემული რეკომენდაციებიდან ხელისუფლებამ კიდევ ერთი პუნქტი შეასრულა და სახალხო დამცველი აირჩია.

ის განმარტავს, რომ პარლამენტის მიერ „აგენტების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით საზოგადოებაში გამოწვეულმა პროტესტმა რეკომენდაციის შესრულების ფაქტი გადაფარა. მდინარაძემ აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე დარჩენილი რეკომენდაციების შესასრულებლად ოპოზიცია უნდა გააქტიურდეს.

„ევროკავშირის ერთი რეკომენდაცია ჩვენ ამასობაში უკვე შევასრულეთ, რომელსაც არც მიაქციეთ ყურადღება და ამ საკითხებმა გადაფარა - ეს სახალხო დამცველის არჩევაა. რაც კი ჩვენზე იყო დამოკიდებული აბსოლუტურად ყველაფერი შესრულებული გვაქვს. საქართველოს ევროპულ კურსზე რომ საუბრობენ და სპეკულირებენ, ძალიან დიდი ნაწილი აღმოჩნდა, რომ გულწრფელი პროტესტის გამომხატველი იყო. რადგან ვიღაცამ დააჯერა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამერიკულის თარგმანი იყო, მიუხედავად იმისა რომ გამჭვირვალობას ეხებოდა, აღქმაში დააჯერეს, რომ ეს იყო რუსულის ანალოგი და რეალურად რუსულთან საერთო არაფერი ჰქონდა, მაინც შეძლეს. აღქმები და ფაქტები ამ შემთხვევაში ერთმანეთს არ დაემთხვა.

ჩვენმა ოპონენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ამ პროცესების მიღმა, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულება რეალურად მიდის და ერთი ამ დღეებში შესრულდა, რომელიც ამ მოვლენებმა გადაფარა, დანარჩენი, მათ შორის იუსტიციის საბჭოსთან დაკავშირებული რეკომენდაცია მათზეა დამოკიდებული. კეთილი ინებონ და შემოგვიერთდნენ რეკომენდაციების შესრულებაში, რომ მართლა ბოლომდე მივიყვანოთ ეს საკითხი, თუ ვინმეს ევროინტეგრაცია მართლა აინტერესებს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები